მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოალიციები დგება არჩევნების შედეგების შემდეგ და არა მანამდე“ - ანა დოლიძე ენმ-ის ინიციატივაზე

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებამდე თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის წევრების დასახელება არასწორია.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ნამდვილად გადის ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა იქნება თუ არა ის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში, ამაზე არჩევნების დასრულებამდე საუბარი მიზანშეწონილი არ არის.

„არ მივესალმები და ვფიქრობ, რომ ამომრჩეველზეც კარგად არ მოქმედებს სკამებისა და თანამდებობების წინასწარ გადანაწილება. ყოველთვის ვამბობ, რომ ევროპული არჩევნების მოდელი არის, რომ კოალიციები დგება არჩევნების შედეგების შემდეგ და არა მანამდე. ჯერ უნდა გაიმარჯვო, დადო შედეგები და შემდეგ შექმნა კოალიცია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება იმას, ვის დაუჭერენ მხარს პარტია „ხალხისთვის“ ამომრჩევლები, გამოიკვეთა, რომ მისი მხარდამჭერების აზრი სამ ნაწილად იყოფა.

„გამოიკვეთა სამი ჯგუფი, ერთი, რომელიც ამ არჩევნებში ხედავს ცვლილებებს, შესაბამისად, აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს ოპოზიციას. მეორე ჯგუფი ფიქრობს, რომ ისევ არის ორპოლუსიანობა და არც ერთი პარტიის მხარდაჭერა არ სურს და მესამე ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, ჩვენ, პარტია თავს არ მოვახვევთ ამომრჩევლებს ჩვენს აზრს და მათ თავად უნდა გააკეთონ არჩევანი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მთავრობა სხვადასხვა პარტიების წევრებით დაკომპლექტდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში II ტურში ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან.