პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მივიღეთ მკაფიო გზავნილი, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
1643211061
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას  შეხვდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გახმოვანდა მკაფიო გზავნილები საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მიმართ და აღინიშნა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი.

„ჩვენ მივიღეთ სამი ძირითადი გზავნილი, რომელიც საკმაოდ მკაფიო იყო. პირველი, რომ საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება და ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს შეეხება, საქართველო მუდმივად იქნება ჩართული პროცესში. მეორე იყო ის, რომ ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას, და ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ერთიანია ამ სულისკვეთების მიმართ და შესაბამისად, არანაირი დათმობა ამ მხრივ ნატო-ს მხრიდან არ იქნება და მესამე, მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მუშავდება  ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ეთხოვა მიიღოს მონაწილეობა ახალი დოკუმენტის შექმნაში და საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წარადგინოს, რომელიც  შემდეგ მოკავშირეების მხრიდან იქნება გაზიარებული.

„ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან მივიღეთ. მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და სავარაუდოდ, მადრიდის სამიტამდე ასევე გაიმართება მაღალი დონის ვიზიტიც საქართველოში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.