მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი: მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დელიმიტაცია უნდა დავასრულოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Pia.ge

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფო იწყება და მთავრდება საზღვრებით, სხვაგვარად სახელმწიფო სრულყოფილი არ არის. ამიტომ, პირველივე ვიზიტის დროს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში დავსვი ეს საკითხი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პასუხი იყო ზუსტად იგივე – მეც გეთანხმებით, აუცილებელია, ჩვენ დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ, არა 100 წლის წინ, არამედ 30 წლის წინ. იგივე გვაქვს სომხეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენთვის და ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მიღებული სამართლებრივი წესი იყო, რომ საზღვრების დელიმიტაციის სახელმძღვანელო სწორედ საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული რუკა იქნებოდა.

„დღეს ის საკითხები, რაც დგას, არის სწორედ შემდეგი – რუკა როგორ იყო ან არ იყო გამოყენებული. ეს საკითხი სხვა კუთხიდან ვიცი. როცა ვიყავი მინისტრი, მაშინ დავსვი კითხვა, რომ უკვე რამდენი წელია, დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ, მეზობელი, კარგი ურთიერთობებით და ჯერ არ გვაქვს დასრულებული საზღვრების დელიმიტაცია, იყო შეუთანხმებელი მონაკვეთები ჩვენს საზღვარზე. როცა დავბრუნდი, როგორც პრეზიდენტი, დამხვდა იგივე სიტუაცია – შეუთანხმებელია, დელიმიტაცია არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მოქალაქე დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილს სხვა ქვეყნის ტერიტორიად თვლიდეს.

„არსად არ გამიგია, რომ ქვეყნის მკვიდრი, პატრიოტი, იჩემებს, რომ ეს ტერიტორია ჩემი ქვეყნის არ არის. ამით ვარ გაოცებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან განმარტა, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას შეთანხმდა, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხი პრეზიდენტების დონეზე უნდა გადაწყდეს.

👉 ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის 2 წევრს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედებათ ბრალი.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.