მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს“ - კახა კალაძე უკანონო ნაგებობების დემონტაჟზე

თბილისის მერი კახა კალაძე

„არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, დემონტაჟის პროცესი მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე დაიწყო.

„სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ჩემს ვერცერთ განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.

ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.