მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება საქართველოში რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბს ააშენებს

ნათია თურნავა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს, მათ შორის გენერალურ მდივანს ჯაგან ჩაპაგაინსა და საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე განხილული იყო კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და მთავრობის მიერ ამ გამოწვევების დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები.

ასევე განიხილეს საქართველოში ახალი, რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკური და სატრენინგო ჰაბის მშენებლობის ხელშეწყობა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე ას წელზე მეტია, რაც საქმიანობს და ყოველთვის მხარში გვიდგას, მათ შორის ისეთი დიდი გამოწვევის დროს, როგორიცაა კოვიდპანდემია.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში წითელი ჯვრის საზოგადოება ძალიან დაეხმარა ჩვენს ქვეყანას და დღესაც გვეხმარება პანდემიის მართვასა და სწრაფ რეაგირებაში.

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დღეს, მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო განიხილოს არა მხოლოდ როგორც მათი დახმარებისა და პროგრამების ობიექტი, არამედ როგორც ადგილი, სადაც ააშენებენ რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკურ ჰაბს. მოეწყობა ძალიან დიდი საწყობების სისტემა, რომელიც აშენდება ქალაქ რუსთავში, სამ ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, რომელსაც სახელმწიფო გადასცემს წითელ ჯვარს.

ეს იქნება ადგილი, სადაც მთელი რეგიონი შეძლებს ჩაატაროს ერთობლივი ტრენინგები, ასევე საიდანაც მოხდება მთელი რეგიონის მომარაგება საჭირო აღჭურვილობითა და მასალებით.  

გარდა ამისა, ეს შეიტანს თავის კონტრიბუციას ჩვენს ეკონომიკაში, ვინაიდან გაიზრდება სატრანსპორტო გადაზიდვები და ადგილზე მოხდება მეტი დასაქმება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.