პოლიტიკა

„ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge
1642067653
დაკოპირებულია

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ზვიად გამსახურდიას შესახებაც ისაუბრა:

„ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით, ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე სქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ზვიად გამსახურდია აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომლებმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის.

უკრაინაში ვიყავი მრავალი წელი, ვცდილობდი, რომ ჩემ გარშემო შემექმნა ჩემი საქართველო. მუდმივად ვეკონტაქტებოდი ქართველ მებრძოლებს, რომლებზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ყველგან ვსაუბრობდი საქართველოზე და ვწევდი საქართველოს პრესტიჟს ზემოთ. სინამდვილეში, ეს რეჟიმი იმყოფება სასამართლოზე. იმიტომ ვარ აქ, ამ რეჟიმს მოვუწყო სასამართლო იმისათვის, რაც გააკეთა საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 5 პირს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉 „თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორიც მე ასტრონავტი“ - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს (ვიდეო)

👉 „მინდა, განსაკუთრებულად ჭკვიანებს აუდიტორიაში დავუსვა ამოცანა - რატომ ვიმყოფები სასამართლო დარბაზში?“ - მიხეილ სააკაშვილი