მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის სამინისტრო სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ სუიციდის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ სუიციდის ფაქტს განცხადებით ეხმაურება.

სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დევნილი მამაკაცის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებლები 2022 წელს ბინებს უპირობოდ მიიღებენ. 

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა და გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა სუიციდს დევნილების პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით მიმართა.