მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოში ინვესტორებისთვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს“ - ყაზახეთის საპატიო კონსულის ინიციატივა

ვაქცინის გაკეთება

საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში კოვიდ ვაცქინაციის საშუალება ინვესტორებსა და მათი ოჯახის წევრებსაც მიეცეთ.

მისივე განმარტებით, ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის მეტ სტიმულს მისცემს და თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს.

„საქართველოში სხვადასხვანაირი ინვესტორები არიან. არსებობენ ინსტიტუციური ინვესტორები და არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც თავისი ქვეყნიდან ჩამოდიან და ინვესტიციას უძრავ ქონებაში ან სხვა ბიზნესში დებენ.გარკვეულწილად, ზოგი მათგანი რჩება საქართველოში, შესაძლოა, რამდენიმე თვითაც, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია.

ადამიანი, თუ მას ნდობა აქვს გამოცხადებული ჩვენი ქვეყნისთვის და ინვესტიცია აქვს ჩადებული, მაშინ ისეთი სერვისები, როგორიცაა ვაქცინაცია, მისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამით ჩვენი ქვეყნის მიმართ დადებითი ემოციები გაიზრდება და ინვესტორები იგრძნობენ, რომ ქვეყანა მათზე ზრუნავს, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სუბიექტებზე“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.

მისი თქმით, ინიციატივა გულისხმობს ინვესტორებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის თუნდაც ფასიანი ვაქცინაციის სერვისის შეთავაზებას, რადგან საქართველოში სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით არსებობს ისეთი ვაქცინა, როგორიც „ფაიზერია“.

„ბევრი ადამიანი ვიცი, მაგალითად ყაზახი, ვისაც ბიზნესი აქვს საქართველოში, მათაც ხომ სჭირდებათ დაცვა. თუნდაც არ ცხოვრობდეს აქ და უბრალოდ ჰქონდეს ინვესტიცია გაკეთებული, კარგი იქნება თუ მიეცემა საშუალება ჩამოვიდეს და გაიკეთოს ვაქცინა, მაგალითად „ფაიზერი“, რომელიც ყველა ქვეყანას არ აქვს. როცა მის ქვეყანას არ აქვს ეს ვაქცინა, ალტერნატივა აქვს, რომ წავიდეს და დუბაიში გაიკეთოს, და ჩვენი ქვეყნის ინვესტორი რატომ უნდა წავიდეს ვაქცინის გასაკეთებლად სხვაგან“, - აღნიშნა გიორგი ჯახუტაშვილმა.

იგი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატონ ის ფიზიკური პირები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც საქართველოში 1 00 000$-მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება ამ მიმართულებით მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან კომუნიკაცია და იმედოვნებს, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ინფორმაციისთვის, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში უწყვეტად იმყოფებიან, მუშაობენ ან სწავლობენ, უფასო ვაქცინაცია დასაშვებია.