მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიას კოალიციური მთავრობა პიარისთვის სჭირდება“ - ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ჩრდილოვან კაბინეტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას კოალიციური მთავრობა პიარისთვის სჭირდება და სხვა რესურსი მას არ აქვს.

ექსპერტის თქმით, კოალიციური მთავრობა მხოლოდ მაშინ იქმნება, როდესაც პოლიტიკურ ძალას საჭირო მანდატი არ გააჩნია.

ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ჩრდილოვანი კაბინეტი მიღებული ფორმაა, თუმცა, გარკვეული პრობლემები მასში იკვეთება.

„ჩრდილოვანი კაბინეტი, ეს არის ჩვეულებრივი მიღებული ფორმა დასავლეთში, ამიტომ ამაში სიახლე ბევრი არაფერია. ქართული სინამდვილისთვის ცოტა, რა თქმა უნდა, სიახლეა რადგან ჩვენთან ეს ამ პერიოდში პირველი შემთხვევაა. პრობლემა ისაა, რომ ამ სიახლეს კოალიციური მთავრობა შეარქვეს, აქ ცოტა პრობლემაა იმიტომ, რომ კოალიციური მთავრობა არ ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა პარტიებიდან არის დაკომპლექტებული, მხოლოდ ეს არ არის მისი კოალიციისთვის განმსაზღვრელი - აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა საკმარისი. საკმარისი პირობა იქნება მაშინ, თუ კოალიციაში შემავალ წევრებს აქვთ ზემოქმედების უნარი გადაწყვეტილებაზე.

როცა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი, ეს კოალიცია იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საჭირო რაოდენობის მანდატები მთავრობის დასაკომპლექტებლად, ამიტომაც ის იძულებულია წავიდეს სხვა პარტიებთან მოლაპარაკებებზე. კოალიციური მთავრობის ძირითადი მოტივი გახლავთ ის, თუ კოალიციაში შემავალმა რომელიმე სუბიექტმა ჩათვალა, რომ არასწორად იქცევა ხელისუფლება, ის გადის კოალიციიდან და კაბინეტი იშლება. ამიტომ ან ახალი კოალიცია უნდა შეიქმნას ან რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთან ექსპერტი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობები ყველა ხელისუფლებას ჰყავდა თავიდან, თუმცა, საბოლოოდ მაინც ერთპარტიულობამდე მივედით.

მისი თქმით, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს არ გააჩნიათ საკუთარი მექანიზმი და დამოკიდებულები არიან ლიდერზე.

„როცა კოალიციაზეა საუბარი, აქ ცოტა მოვიკოჭლებთ. ასეთი კოალიციური მთავრობები საქართველოს ყველა ხელისუფლებას ჰყავდა, არა თბილისის, არამედ ცენტრალურ დონეზე. მრგვალი მაგიდა კოალიციური მთავრობა იყო, შევარდნაძეს თავიდან კოალიციური მთავრობა ჰყავდა, სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც, თუმცა ყველა ამ კოალიციურმა მთავრობამ მიგვიყვანა ერთპარტიულ მმართველობამდე, იმიტომ რომ კოალიციაში შემავალ სუბიექტებს არ ჰქონდათ არანაირი მექანიზმი. ისინი იყვნენ დამოკიდებულები ლიდერის გადაწყვეტაზე.

მელიას კოალიციური მთავრობა პიარისთვის სჭირდება, რათა ნეიტრალური ამომრჩეველი გადაიბაროს. ამ კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი, გარდა „ლელოსი“, ნაციონალების აქტიური წევრი იყო. აქ საუბარი კოალიციაზე კი არ არის, ლაპარაკია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „რეანიმაციაზე“. ოპოზიციის ხმები ძირითადად წავა მელიასთან და ამ მხრივ ეს მოგებიანია. ამ კოალიციას ამომრჩევლის მოზიდვის გარდა სხვა რესურსი არ აქვს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი 20 ოქტომბერს წარადგინა.

თბილისის ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატებად მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დასახელდნენ

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი - სოფო ჯაფარიძე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდების საქმეთა სამსახურის უფროსი - მედეა მეტრეველი

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - გიორგი ნონიაშვილი

შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - მამუკა აჩბა

მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - დიმიტრი ბიძინაშვილი

იურიდიული სამსახურის უფროსი - გიგა ლემონჯავა

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა

ტრანსპორრტის სააგენტოს უფროსი - ვასო ურუშაძე

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი - ნიკა ვაჩეიშვილი

„თბილსერვის ჯგუფის“ უფროსი - ბესო გაზდელიანი

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი

გლდანის გამგებელი - თენგიზ გიოგაძე

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი

დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე

ჩუღურეთის გამგებელი - კახა ჟღენტი

ვაკის გამგებელი - საბა ბუაძე

საბურთალოს გამგებელი - ოთარ თავართქილაძე

ისნის გამგებელი - ლანა გალდავა

სამგორის გამგებელი - გულიკო ზუმბაძე

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა

მთაწმინდის გამგებელი - თაზო დათუნაშვილი

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია დაუპირისპირდება.