მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროტესტი არსებობს ხალხში, რომელსაც ვარლამ გოლეთიანი ახმოვანებს“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Pia.ge

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, რიონის ხეობის მცველები ხალხში არსებულ რეალურ პროტესტს ახმოვანებენ და ეს მოძრაობა გულწრფელია.

„წინასწარ რატომ უცხადებთ უნდობლობას ადამიანს, სარგებლობსო, რით სარგებლობს? არსებობს ხალხში პროტესტი, რომელსაც ახმოვანებს ვარლამ გოლეთიანი. დიდი ბოდიში, მაგრამ ისეთი წესიერი ადამიანი, როგორიც დედამისია, ბევრი გინახავთ თქვენ? რატომ უნდა დავინახოთ ამის უკან რაღაც სიბნელე, როცა აბსოლუტურად აარაადეკვატურია ჩვენი პოლიტიკური ელიტა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, პოლიტიკა სწორედ რომ ხალხის პრობლემების გახმოვანება და მათი მოგვარებისთვის ბრძოლაა, რაც პოლიტიკურ სპექტრს არ აღელვებს.

„ეს არის ნამდვილი პოლიტიკა და არა ის, რასაც ჩვენი პოლიტიკოსები აწარმოებენ, კაბინეტებში არიან ჩაკეტილი და მხოლოდ საკუთარ პრობლემებს რომ წყვეტენ.

ოპოზიციის ფუნქციაა, რომ ისაუბროს და განახორციელოს წნეხი ხელისუფლებაზე, რომ ხალხის პრობლემები მოაგვაროს. ამის ნაცვლად დაკავებული არიან საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით.

როდესაც პოლიტიკოსებსა და ხალხს შორის ტყდება ხიდი, ხალხი იღებს ძალაუფლებას ხელში“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

როგორც მან აღნიშნა, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის უკან რუსეთის არსებობაზე საუბარი სირცხვილია.

„ძალიან არაკეთილსინდისიერია ის შეთქმულებების თეორიები. კორკოტას დაინახავენ და ის დგას იმის უკან, ვასაძეს დაინახავენ და ვასაძე დგას ამის უკან, კარგით რა, სირცხვილი არ არის. ელემენტარულად, პატივი ეცით საკუთარ ხალხს, როდესაც ხან რუსეთის ინტერესებზე საუბრობენ, ხან სხვაზე. რუსეთის ინტერესებში იცით რა არის? რომ კორუფციული სქემებით დალაგდეს მთელი ბიზნესი.

ამ პროექტთან დაკავშირებით არის კითხვები, რომ ის არის კორუფციული, ეს ერთი. მეორე, აი იმ ხალხს, ვინც ე.წ. საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები რომ არის და ამ დროს არც კონტრაქტში, არც გარემოსდაცვით ნებართვაში ჩახედული არ აქვთ და იწყებენ ლაპარაკს, რომ რუსეთს არ აწყობს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა.

ასე ზედაპირულად რომ უდგებიან, ამიტომ არის ჩვენი საქმე კარგად“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს.

მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მთავრობის პასუხს 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან.

ინფორმაციისთვის, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.