მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელი ექსპერტი: სომხეთმა მთიან ყარაბაღში სერიოზული მარცხი განიცადა (ვიდეო)

უკრაინელი ექსპერტი იური პოდოლიაკა

უკრაინელი ექსპერტის და ბლოგერის იური პოდოლიაკას აზრით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მალე დასრულდება. მისი განცხადებით, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მესამედ სერიოზული მარცხი განიცადეს და მათ, სავარაუდოდ, ომის გასაგრძელებლად დიდი რესურსი აღარ აქვთ.

„პირველი სერიოზული დამარცხება იყო ჯერბაილთან, შემდეგ იყო ჰადრუთი, ახლა კი ზანგელანი. აზერბაიჯანულ მხარეს სრული უპირატესობა აქვს" - ამბობს ექსპერტი.

პოდოლიაკა ვარაუდობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც სომხეთის მხრიდან ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავს, რამდენიმე დღეში, ან, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირაში გაფორმდება.

ექსპერტი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანის ძალებმა ირანის საზღვართან დიდი ტერიტორია დაიკავეს და ისინი ლაჩინის დერეფანს უახლოვდებიან, რომელზეც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დამაკავშირებელი გზა გადის. გარდა ამისა, შეტევა აღმოსავლეთის მხრიდან შუშასა და სტეპანაკერტის მიმართულებით ვითარდება და, შესაბამისად, ამ დასახლებული პუნქტების აღება, მხოლოდ დროის ამბავია.

პოდოლიაკა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე განლაგდნენ, ვინაიდან არსებობდა იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანული ჯარი ნახიჩევანის მიმართულებით კორიდორის გაჭრას შეეცდებოდა. ასევე ერევანში მუსირებდა ჭორები, რომ აზერბაიჯანულმა ჯარმა შეიძლება სომხეთის დედაქალაქსაც შეუტიოს, თუმცა ექსპერტი ამბობს, რომ ამ ჭორებს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

იური პოდოლიაკა აზერბაიჯანის ჯარის მნიშვნელოვან ტექნიკურ უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ აზერბაიჯანს სრული უპირატესობა აქვს ჰაერში, ხოლო სომხეთის შეიარაღებული ძალები, ძირითადად, 90-იანი წლების შეიარაღებით იბრძვიან.

იური პოდოლიაკა ვარაუდობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მოსკოვში ან, შესაძლოა, ვაშინგტონში იყოს ხელმოწერილი, სადაც ორ დღეში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უახლესი ამბები