მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„82 დაწესებულება შერჩეულია, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“ - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1615619947
COVID-19

„დღეს მნიშვნელოვანი თარიღია, საქართველოში შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენაა.

ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დღეს ხელმისაწვდომია 43 200 ვაქცინის დოზა.

„ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენაა. საქართველოში შემოვიდა „კოვაქს“ პლატფორმის მხრიდან ასტრაზენეკას ვაქცინა. დღეს ხელმისაწვდომია 43 200 ვაქცინის დოზა, რომელიც გეგმის მიხედვით განკუთვნილი არის სამედიცინო პერსონალისთვის.

დღესდღეობით დარეგისტრირებული არის 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც 54 000 ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ვაქცინების ეს ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ვაქცინაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და შემდეგ განთავსებას.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ამ პროცესში ჩაერთოს, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი ეს არის როგორც ხშირად ამბობენ დასასრულის დასაწყისი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი მხრიდან შექმნილია პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება და დღეს 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შესაძლებლობა მიეცემა, რომ დაჯავშნონ თავიანთი დრო და ადგილი, თუ სად იქნებიან ისინი ვაქცინირებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ძალიან თანმიმდევრულად წარიმართება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტივობის მნიშვნელობა, რომელიც ამ პროცესში არიან ჩართულები. ჩვენ მათთან ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება მათთან უწყვეტი კავშირი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ ხარისხის განსაზღვრას და ყველა იმ საფრთხის მინიმიზებას, რომელიც შეიძლება ამ პროცესში დადგეს.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, პირველ რიგში კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და „იუნისეფს“, რომლის წილი არის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.