მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალერგიული ადამიანებისთვის აცრა რეკომენდებულია, თუ ისინი დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ იქნებიან,“ - მაია გოთუა

მაია გოთუა
1616757261
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია გოთუა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ალერგიული ადამიანებისთვის კოვიდვაქცინით აცრა რეკომენდებულია, თუ ისინი დაკვირვებისა და კონტროლის ქვეშ იქნებიან.

მაია გოთუა კოვიდვაქცინაციის გვერდით ეფექტებზე საუბრისას, განსაკუთრებით, ალერგიულ ფონს, კერძოდ, ანაფილაქსიურ რეაქციას შეეხო, რომელსაც, მისი თქმით, ვაქცინასთან ერთად, იწვევს საკვები, მედიკამენტი, მწერის შხამი და ა.შ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ გართულება, ანაფილაქსიური რეაქციის სახით, ყველაზე იშვიათად, სწორედ, ვაქცინებს ახასიათებს.

„ყველაზე იშვიათი გართულება ანაფილაქსიისა, ახასიათებს ვაქცინებს,“ - აცხადებს იგი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მაია გოთუამ კოვიდვაქცინირებისას ფილერით გამოწვეულ შედეგებზეც ისაუბრა.

„ფილერების გამომყენებელ ადამიანებში რეაქცია მოგვიანებულია, განვითარებულია არა მწვავედ, არამედ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება შეშუპების, შეწითლების სახით იმ ადგილას, სადაც გამოყენებული იყო ფილერი.

ფილერის ეს რეაქცია არ არის მარტო კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი, ანალოგიურია გრიპის ვაქცინაზეც, სტომატოლოგიური ჩარევის დროს, ინფექციაზე და ა.შ.

ფილერის გამოყენება არ არის უკუჩვენება კოვიდვაქცინისთვის, უბრალოდ, არის რეკომენდაცია, რომ ფილერის გამოყენება იყოს 2 კვირით ან მეტი დროით ადრე და ვაქცინაცია მოხდეს შემდეგ.

ეს მოვლენა, უბრალოდ, დაფიქსირდა კოვიდვაქცინაციის დროს და სასურველია, ადამიანი წინასწარ იყოს გაფრთხილებული.

ეს გამოვლინება არ მიიჩნევა სერიოზულ გართულებად და ექვემდებარება ჩვეულებრივ მედიკამენტებს,“- განაცხადა მაია გოთუამ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იმ პირებს, რომლებიც „ფილერს“ იკეთებენ, შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულება. ამიტომ, „ფაიზერის“ ვაქცინის კითხვარს დაემატა ერთი კითხვა, რომელიც კოსმეტიკური ფილერის გამოყენებას ეხება.

აგრეთვე დაინტერესდებით:

⚪ „კორონავირუსის მესამე ტალღის ალბათობა ძალიან მაღალია“ - იმნაძე

⚪ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 129 ადამიანი აიცრა

⚪ „ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე უფრო ტრენდული ვაქცინა“ - ეკატერინე ტიკარაძე