მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია“- რატიანი 27 წლის ექთნის მდგომარეობის შესახებ

საუნივერსიტეტო კლინიკა
1616138480
COVID-19

„პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული“,- ასე აღწერს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი ახალციხეში ვაქცინაციის შემდგომ ახალგაზრდა ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ლევან რატიანის თქმით, პაციენტს უტარდება პროტოკოლით განსაზღვრული ყველა ღონისძიება, მაგრამ კლინიკურ პარამეტრებში ამ ეტაპისთვის დადებითი მაჩვენებელი არ აღინიშნება.

„კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, გამოწვეულია, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის არსებობით.

გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით“,- განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა.

მედდა, რომელიც „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მედდა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 12:15 წუთზე აიცრა. 27 წლის ქალი, ანამნეზზე დაყრდნობით, გრიპის საწინააღმდეგო აცრას რეგულარულად იტარებდა და არ აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები.