მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია გოთუა: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში შემავალი ნივთიერებები საკვებ პროდუქტებშიც გვხდება

ალერგოლოგი
1616748234
COVID-19

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია გოთუამ გადაცემა „იმედის დილაში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენელ კომპონენტებსა და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებზე ისაუბრა.

მაია გოთუამ განმარტა, რომ იმ ნივთიერებებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიაწერენ ხოლმე ალერგიულ რეაქციებს, არსებობს კვლევა, თუ რა დოზაა მისაღები ადამიანის ორგანიზმისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებში შემავალი ნივთიერებები ყოველდღიურად, საკვებსა თუ სხვა პროდუქტებშიც გვხვდება. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია ნივთიერების მოლეკულური ზომა.

„ნებისმიერი ვარაუდის შესამოწმებელი იარაღი არის ინფორმაცია. პოლისორბატ 80-თან მიმართებით, არსებობს კვლევა, თუ რა დოზაა მისაღები. ძალიან ფართოდ არის გავრცელებული როგორც პოლისორბატი, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემადგენელი კომპონენტია, ასევე პოლიეთილენგლიკოლი, რომელიც შედის „ფაიზერის“ ვაქცინაში. ჩვენ ხშირად ვიღებთ იმ საკვებს, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებებს. ეს კომპონენტი არის საღეჭ რეზინშიც, მაგრამ ეს არის მცირე მოლეკულური ზომა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი კომპონენტის რაოდენობას“,- განაცხადა მან.

მაია გოთუა აღნიშნავს იმასაც, რომ ვაქცინებში მინიმუმამდეა დაყვანილი ისეთი ნივთიერებების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამიტომაც, „ფაიზერის“ ვაქცინა შენახვის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს.

„ვისაუბროთ პოზიტიურ მხარეზეც - ამ ვაქცინებში არ შედის კვერცხი, ჟელატინი, პრეზერვატივი... იმიტომ სჭირდება „ფაიზერის“ ვაქცინას ძალიან დაბალი ტემპერატურა, რადგან ძალიან ბევრი რამ გამოცლილი აქვს, რომ იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. თუმცა, რაღაც არის ამ ვაქცინებში ისეთი, რომელიც იწვევს რეაქციას ამ კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებში“,- აღნიშნა მან.

ექიმმა ალერგოლოგმა ანაფილაქსიურ შოკთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ მწვავე ალერგიული რეაქცია მილიონში ერთ ადამიანში ვლინდება და იშვიათად მთავრდება ფატალურად.

„მილიონში ერთს შეიძლება ჰქონდეს ანაფილაქსიური, ანუ მწვავე ალერგიული რეაქცია, რომელიც მართვადია. მაგალითად, მილიონ შემთხვევაში „ფაიზერზე“ ანაფილაქსია დაფიქსირდა 4,7%- ში, ანუ ძალიან ცოტა ადამიანში, მაგრამ არ დასრულდა ეს ფატალურად. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, შეიძლება ითქვას, რომ 5 მილიონში ანაფილაქსიური შოკის 41 შემთხვევა დაფიქსირდა“,- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ვაქცინებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული და მათი შექმნიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რაც მეტ საიმედოობას განაპირობებს.

„ძალიან დიდი კვლევებია ჩატარებული, რაც იწვევს მეტ საიმედოობის განცდას. თვითონ მეთოდოლოგია ახალი არ არის, მაგრამ პრაქტიკაში გამოყენება პირველად ხდება. ამიტომ, საჭიროა დიდი სიფრთხილე, თუმცა უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს“,- განაცხადა მაია გოთუამ.

აგრეთვე იხილეთ:

📌„კორონავირუსის ვაქცინა სიკვდილისგან 100%-ით იცავს“ - აკაკი ზოიძე