მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეზვრიშვილი: მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1600774920
COVID-19

„უნდა გვახსოვდეს თითოეული ჩვენგანის გამოჩენილი წინდაუხედაობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობასთან“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„საზოგადოებას გვსურს მოვუწოდოთ, რომ ყველა ის წესი, რომელიც დღეის მდგომარეობით მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, მაქსიმალურად დაიცვან.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. ჩვენ სამწუხაროდ არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით ჩვენს მოქალაქეებთან საუბარი. სამწუხაროდ ჯარიმების გარეშეც და მკაცრი მიდგომების გარეშეც, პირბადეს უნდა ვატარებდეთ.

ზრდა რაოდენობების დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დავიცავთ წესებს. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარებაზე და დისტანციის დაცვაზე, უნდა გვახსოვდეს თითოეული ჩვენგანის გამოჩენილი წინდაუხედაობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების რაოდენობასთან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად კოვიდინფიცირების ზრდის დინამიკისა არ იგეგმება არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არც მკაცრი შეზღუდვები.

„გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. პანიკის საფუძველი არ არსებობს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს გამოყენებული“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის გაჩერების რესურსი არ არსებობს და ხელმეორედ ვეღარ ჩაიკეტება.

„ეკონომიკა ვეღარ ჩაიკეტება, ეს ყველაფერი პირველ რიგში დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 22 სექტემბერს კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა.