მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკურმა ვარდნამ წელს შესაძლოა იმპორტი $3 მლრდ-ით შეამციროს

იმპორტის კლება

მარტის მონაცემებით ექსპორტი საქართველოდან 22%-ით ხოლო იმპირტი 13.4%-ითაა შემცირებული. აპრილში ვარდნა კიდევ უფრო დიდი იქნება. განსაკუთრებულ დარტყმას არაპირველადი მოხმარების - ელასტიური პროდუქცია მიიღებს.

2020 მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის წელი იქნება - ყველაზე მასშტაბურის დიდი დეპრესიის შემდეგ. კრიზისის დროს როგორც წესი მოთხოვნა პირველადი მოხმარებისა და იაფიანი ე.წ. მდარე საქონლის გარდა ყველა სახის პროდუქციაზე მცირდება. გარდა იმისა, რომ ადამიანებს გართობაზე ფული აღარ რჩებათ, უარესის მოლოდინში მცირე თანხების დაზოგვასაც იწყებენ.

კორონავირუსის შემთხვევაში მოთხოვნის შემცირებას იძულებითი შეჩერების გამო მიწოდების შემცირებაც დაემატა, უფრო სწორედ ჯერ მიწოდება შემცირდა. შეზღუდვების მოხსნა უკვე დაიწყო, საწარმოები გარკვეული სავალდებულო რეკომენდაციების გათვალისწინებით სამუშაო პროცესს აახლებენ, თუმცა შემცირებული მოთხოვნის გამო არა ძველი მასშტაბით.

საქართველოს შემთხვევაში იმპორტში ნავთობს თითქმის ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა, თუმცა საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად მისი წილი ყოველთვის იცვლებოდა. მაგალითად 2013 წელს ჯამური იმპორტი $8.022 მლრდ-ს შეადგენდა, საიდანაც ნავთობის წილი $954 მლნ იყო ანუ 11.9%, 2016 წელს $7.293 მლრდ-დან ნავთობის წილი $620 მლნ-ს შეადგენდა - 8.5%.

2016 წლისგან განსხვავებით ნავთობზე ფასების ვარდნა უფრო მასშტაბურია და უფრო გრძელვადიანი. მოთხოვნის გლობალური კლებისა და გადავსებული საცავების გამო ფასს ზემოთ ვერც მოპოვების 10%-იანი კლება სწევს. ამის მიუხედავად საქართველოში პირველ 3 თვეში $150 მლნ-ს ნავთობის იმპორტი განხორციელდა, ზუსტად იმდენის, რამდენიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. თუმცა ტრანსპორტის შეზღუდევის გამო გაყიდვები მკვეთრადაა შემცირებული და კომპანიებს დიდი რაოდენობით მარაგები გააჩნიათ. ახალი პარტიის იმპორტის შემთხვევაში ფასი ბევრად დაბალი იქნება.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში ხორციელდება არა ნედლი ნავთობის, არამედ უკვე გადამუშავებული საწვავის იმპორტი, რომელიც პლატსზე ივაჭრება. სადაც ასევე შემცირდა ფასები, მაგრამ არა ნედლი ნავთობის პროპორციულად.

2013-2016 წლებში როდესაც Brent-ის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი 59%-ით $109-დან $45-მდე შემცირდა, საწვავის იმპორტის კლებამ საქართველოში 35% შეადგინა $954 მლნ-დან $620 მლნ-მდე. ამ პერიოდში ავტოპარკიც იზრდებოდა და ეკონომიკაც, შემცირებული ტემპით, მაგრამ მაინც. გასაშუალებული ფასი 2020 წელს 2019 წელთან შეადარებით იგივე ან უფრო მაღალი ტემპითაც შემცირდება. საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკის მინიმუმ 4%-იანი ვარდნა, თუმცა შესაძლოა მან 5%-საც გადააჭრბოს. ასეთ პირობებში ნავთობის იმპორტის კლება მასშტაბური უნდა იყოს. 2009 წელს ნავთობის ფასი 36%-ით $97-დან $62-მდე შემცირდა, საქართველოში საწვავის იმპორტი 27%-ით $763 მლნ-დან $555 მლნ-მდე, საქართველოს ეკონომიკა 3.7%-ით. ახლა როცა ნაავთობზე ფასების კლება უფრო დიდია, უფრო დიდია ეკონომიკური ვარდნაც, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი ჯერ ისევ გაჩერებულია ბუნებრივია ნავთობის იმპორტის კლება ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. 40%-იანი კლების შემთხვევაში, რაც სავსებით რეალურია, აბსოლუტურ გამოხატულებაში იმპორტი $300 მლნ-ით $755 მლნ-დან $455 მლნ-მდე შემცირდება.

მართალია პირველ 3 თვეში 8%-ითაა გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, ძირითადად რეექსპორტისთვის, მაგრამ უკვე მარტში 25%-იანი კლება ფიქსირდება და ეს ტენდენცია მთელი წელი არათუ შენარჩუნდება გაიზრდება კიდეც. კრიზისში ავტოგაყიდვები ყოველთვის მცირდება. საერთო ჯამში 30%-იანი კლების შემთხვევაშიც ავტოიმპორტი მინიმუმ $210 მლნ-ით $690 მლნ-დან $480 მლნ-მდე მცირდება, თუმცა სავარაუდოდ კლება უფრო მასშტაბური იქნება.

გარდაუვალი კლებაა მოსალოდნელი პრქტიკლულად ყველა ტიპის ელექტროტექნიკაზე იქნება ეს სმარტფონი, ტელევიზორი, ლეპტოპი, კონდიციონერი, მაცივარი თუ სარეცხი მანქანა.

ბოლო ეკონომიკური კრიზისის დროს 2009 წელს იმპორტი საერთო ჯამში 29%-ით $6.300 მლრდ-დან $4.475 მლრდ-მდე შემცირდა. ეს $1.825 მლრდ-იანი ვარდნა იყო. იმპორტი მნიშვნელოვნად - 15%-ით შემცირდა 2015 წელსაც, მაშინ როცა ეკონომიკური ზრდის ტემპი განახევრდა, მაგრამ მინუსში არ გასულა. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს საქართველოში ეკონომიკური ვარდნა 1994 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება. იმპორტის 35%-იანი კლება უკვე დასაშვებია. ასეთი ვარდნა რიცხვებში $3 მლრდ-შ აჭარბებს და 2019 წელს დაფიქსირებული $9.1 მლრდ-ის ნაცვლად იმპორტი შესაძლოა $6 მლრდ-საც ჩამოსცდეს რაც 10 წლით უკან დაბრუნებას ნიშნავს.

2009 იმპორტთან ერთად ექსპორტიც შემცირდა, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით - 24%-ით, $1.495 მლრდ-დან $1.133 მლრდ-მდე. კლება მხოლოდ - $362 მლნ, რამაც სავაჭრო ბალანსი $1.463 მლრდ-ით გააუმჯობესა. დაახლოებით მსგავსი სცენარის გამეორებაა მოსალოდნელი წელსაც.

მოთხოვნის შემცირების გამო, ლარის 15%-იანი გაუფასურების მიუხედავად, წელს ინფლაციის მაღალი მაინც არაა მოსალოდნელი. იგივვე 2009 წელს ინფლაცია 1.7% დაფიქსირდა, მაშინ როცა 2008 წელს 10%-ს აღწევდა. კომპანიები და ფიზიკური პირები პროდუქციის რეალიზაციის მიზნით იძულებულები გახდებიან მოგების მარჟა შეამცირონ და ზოგ შემთხვევაში ზარალის მინიმიზებაზე იფიქრონ.აპრილში ინფლაციის განაკავეთმა ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს 3%-ს 2.3-ჯერ გადააჭარბა და 6.9%-ს მიაღწია, მაგრამ ეს პირველადი შოკისა და ჩაკეტილი ბაზრებით, ჩაკეტილი ქალაქებით უფრო იყო გამოწვეული, ვიდრე რეალური ეკონომიკური ფაქტორებით.

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი