მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელიას ადვოკატი: ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება

ნიკანორის ადვოკატი

„ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“,- ასე აფასებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია.

ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული და სცდება სამართლებრივ ნორმებს. მისივე თქმით, პროკურორმა ეს ყველაფერი თვითონვე დაადასტურა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატი განმარტავს, რომ მოსამართლეს ჰქონდა უფლებამოსილება, გაეუქმებინა პატიმრობა.

„ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ეს გადაწყვეტილება არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესაბამისად. ასეთ ვითარებაში სასამართლო ვალდებულია, პირი პატიმრობიდან გაათავისუფლოს - ეს არის ანა ბანა. პროკურატურამ თქვა, რომ თუ გირაოს თანხა იქნება გადახდილი, გათავისუფლდებაო. გირაო არ არსებობს, შესაბამისად, პროკურატურის ლოგიკითვე ფაქტია, რომ ნიკა პატიმრობაში არ უნდა დარჩენილიყო. თუ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ არის სავალდებულო და სხვა ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ამას, რა სამართლებრივი საფუძველი შეიძლება არსებობდეს პირის პატიმრობაში დასატოვებლად?

სასამართლო მიმართვის გარეშეც, თავისივე ინიციატივით, არის უფლებამოსილი გააუქმოს პატიმრობა. მოსამართლეს სამართლებრივი ბერკეტი სრულად ჰქონდა, მაგრამ თვითონ არ გამოიჩინა ნება“,- განაცხადა მან.

ბექა ბასილაიამ იმ შუამდგომლობებზეც ისაუბრა, რომლებიც დაცვის მხარემ პროცესზე დააყენა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე მეტყველებს.

„პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოხატულებაა ის, რომ ირაკლი კობახიძე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯელობდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს თვითონ უკვეთავს „ქართული ოცნება“, რა უნდა დაიწეროს განჩინებაში. ჩვენ ვითხოვდით კობახიძის დაკითხვას სასამართლოს წინაშე, კობახიძისვე გაკეთებული საჯარო განცხადებების შესახებ. ასევე ვითხოვდით, სასამართლოს დაერთო მტკიცებულებად ის მასალები, რომლებიც ადასტურებს 20 ივნისის ღამის ჩანაწერების განადგურებას სპეცსამსახურების მხრიდან“,- განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მომდევნო პროცესი 29 აპრილს დაინიშნა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ახლახან გამოაცხადა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვის წარმოთქმის უფლებით რამდენიმეჯერ ისარგებლა.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მელიამ უარი განაცხადა.

17 თებერვალს კი, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა.

23 თებერვალს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ნიკა მელიას საქმეზე ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო“ - ბარამიძე