„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სხდომის მალე დასრულება და გადაწყვეტილების დროულად გამოცხადება მოსთხოვა.
მისი თქმით, გირაოს თანხის გადახდის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და ეს ყველამ იცის.
„მალე დავასრულოთ ეს პროცესი, ბევრი საუბარი ნიშნავს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვართ სასამართლოში. ჩემი თხოვნაა, მალე დავასრულოთ პროცესი, ვიცი ის გადაწყვეტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილია...
თითქოს, მე შემიძლია სურვილის შემთხვევაში გადავიხადო გამოსასყიდი, გირაოს რომ ეძახიან. გეკითხებით, მე შემიძლია რომც მინდოდეს, გირაო გადავიხადო? არა, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგად იცით ეს. ან რამდენი ათასი ლარი უნდა გადავიხადო? არავინ იცის, რადგან სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს.
აქ სხედან პროკურორები, რომლებიც 2 თვის განმავლობაში საუბრობენ, მელია ღია კარში არის ციხეში და არ გამოდისო. რატომ არ აყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას? არც გადავიხდი, რადგან უკანონოა.
სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში, ან გარეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება არა სასამართლომ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
„იმ ადამიანებს გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი ჰქონდათ, სანამ თქვენ განჩინებას გამოიტანდით ჩემი დაპატიმრების თაობაზე. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა, რომ მე ციხეში უნდა წავსულიყავი. იყო ეს ასე თუ არ იყო, აღიარა თუ არა ეს კობახიძემ თუ არა.
ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ცვლილებების პირას ვდგავართ, ამას უნდა შეეგუოთ ქალბატონო. ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა შევხედოთ ჩვენს თავებს, თქვენც, რას იტყვის თქვენი მეზობელი ან თანაკლასელი, 20-25 წლის შემდეგ, თუ როგორი მოსამართლე იყავით. ამ საქმეზე ხომ სიმართლე მაინც დადგინდება“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
აგრეთვე წაიკითხეთ: