მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა საქართველოს ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეზე კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

პროკურატურის კადრები

პროკურატურა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის საქმეზე მოპოვებული კარტოგრაფიული მასალების შესახებ ვიდეოს ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნული მასალები გამოძიებამ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის, ი.მ.-ს კუთვნილ სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მოიპოვა.

„მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მოიპოვა 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, მათი შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იქნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც ჩართული იქნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და კარტოგრაფიული დარგის წამყვანი ექსპერტები.

მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ჩატარებული ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ 1:500 000 მასშტაბში მომზადებული ამონახაზი, რომლითაც ბრალდებულების განმარტებით ხელმძღვანელობდნენ საზღვრების დელიმიტაციისას და ეს იყო მათი ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორც კარტოგრაფიული პროდუქტი, ვერ გამოდგება შესასრულებელი კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები (მწვერვალები, მყარი წერტილები, სიმაღლითი ნიშნულები, გზათა გადაკვეთები, დასახლებული პუნქტები, და სხვა).

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს.

შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
ი.მ-ს და ნ.ი-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თხუთმეტ წლამდე.

საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ი.მ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი. დააკავეს.

გამოძიება 308 მუხლით მიმდინარეობს.