მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აფხაზეთში ქართული საქონლის შეტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრული იქნება“ - არუაა

არუაას განცხადება

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“ სოხუმსა და თბილისს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

რამდენიმე დღის წინ ამ ინიციატივით სოხუმის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა გამოვიდა. „არუაას“ წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ "მტრულ სახელმწიფოსთან" ვაჭრობის დაწყება „სავაჭრო ექსპანსიას“ გამოიწვევს.“ეს ომის შედეგების რევიზიაა, ჩვენ ამას არასოდეს დავთანხმდებით“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„არუაა“-ში აცხადებენ, რომ შამბას ინიციატივა ძალზე წააგავს საქართველოს ხელისუფლების პროგრამას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებას და გამარტივებას ითვალისწინებს.

"ჩვენი მთავრობისგან ასეთი საჩუქრის მიღების შემდეგ საქართველო ეკონომიკის მეშვეობით პოლიტიკური ამოცანების შესრულებას დაიწყებს. ამისთვის ის დემპინგის გზით ჩვენი ბაზრიდან რუსულ პროდუქციას განდევნის. ზოგიერთი მეწარმე საქართველოდან საქონლის შემოტანას დაიწყებს, მათ ქართველი პარტნიორები გაუჩნდებიან. ეს კი ჩვენს წარმოებას დააზარალებს, ხოლო სანაცვლოდ ჩვენს აღიარებას არავინ აპირებს. საქართველოს ეკონომიკაზე პროდუქციის რეალიზაციის ახალი ბაზრის გაჩენა დადებითად იმოქმედებს. ეს კი საქართველოს და მის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს, ხოლო ჩვენს და რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ნეგატიურად აისახება“ - აცხადებენ „არუააში“.

მათი განცხადებით, „სერგეი შამბას დამსახურება ახსოვთ, მაგრამ თუ ამ საკითხის ლობირებას არ შეეშვება, მის გადადგომას მოითხოვენ". „აფხაზეთში ქართული საქონლის შეტანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი იქნება. რაც შეეხება კონტრაბანდას, ამისთვის არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები“ - აცხადებენ აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, 2 დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოსთან ვაჭრობის აღდგენის და მისთვის ოფიციალური სახის მიცემის ინიციატივით გამოვიდა. შამბას მიაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარების მოწინააღმდეგეები კონტრაბანდულ საქმიანობაში არიან ჩართულები.

"მოდით ეს ყველაფერი დავაკანონოთ, დავაყენოთ იქ შესაბამისი სამსახურები. რაც საზღვარს კვეთს - საქონელი და ტვირთები - ოფიციალურად არ იბეგრება, ანუ ბიუჯეტში თანხები არ შედის. სამაგიეროდ, ამით გარკვეული პირები მდიდრდებიან, ვისაც ასეთი რეჟიმი ძალიანაც აწყობს. რა თქმა უნდა ისინი საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების წინააღმდეგ გამოდიან. დღესაც კი, როდესაც მოქმედებს შეზღუდვები, საზღვარი დაკეტილია, საქართველოდან ჩვენთან მაინც ხვდება საქონელი - ამის გადამოწმება სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებით სურსათზეა საუბარი. ამიტომ ამ სიტუაციას ბოლო უნდა მოვუღოთ, ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ და მოგებული დარჩება ხალხი, გადასახადი წავა ბიუჯეტში, ბიუჯეტი ხომ თითოეული ადამიანის გადასახადით ივსება და ეს ხალხის პორტმანია, რომელიც ისევ ხალხს მოხმარდება“ - განაცხადა შამბამ.

თბილისთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენას სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანიაც უჭერს მხარს, თუმცა მას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს.

იხილეთ აგრეთვე:

📥 შამბა: საქართველოსთან ვაჭრობა უნდა აღვადგინოთ

📥 ოკუპირებულ აფხაზეთში ხელყუმბარების ტყორცნის ტურნირი გაიმართა