მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არა პოლიციის, არამედ პოლიტიკოსების თემა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ - პაატა ზაქარეიშვილი დმანისის მოვლენებზე

კონფლიქტების ექსპერტი

„ეს არის არა პოლიციის, არამედ პოლიტიკოსების თემა. ეს არის ინტეგრაციისა და თანასწორობისა და სამართლიანობის საკითხი. ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არის თუ არა ბოლომდე ინტეგრირებული და გრძნობს თუ არა თავს ღირსეულ მოქალაქედ“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დმანისში მიმდინარე დაპირისპირების საკითხს.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, ინტეგრაციისა და თანასწორობის პრობლემა საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხია.

კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევებში თვალშისაცემია ხელისუფლების ორმაგი სტანდარტები, ეთნიკურად ქართველი და სხვა ეროვნების მოსახლეობის, ასევე მართლმადიდებელ და მუსლიმი მოქალაქეების მიმართ.

„ჯერჯერობით, ინტეგრაციისა და თანასწორობის საკითხები საქართველოში შორს არის იმისგან, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თავს დაჩაგრულად გრძნობენ ქართველებთან და მართლმადიდებლებთან შედარებით.

ამის მშვენიერი მაგალითია აღდგომის დღესასწაულზე მიღებული გადაწყვეტილება, როცა კოვიდშეზღუდვები მოიხსნა ერთი ღამით, ამ დროს კი როცა აზერბაიჯანელებს ჰქონდათ თავიანთი დღესასწაული - ნოვრუზ ბაირამი, მაშინ მათ არ ჰქონდათ საშუალება ასევე ეზეიმათ თავისი დღესასწაული. სხვათა შორის, იმ დღეებში თბილისში ჩატარდა საფეხბურთო მატჩი და მაშინაც მოიხსნა კოვიდის შეზღუდვები. თურმე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შეიძლება რეგულაციების მოხსნა და აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის არ შეიძლება.

თვალშისაცემია ორმაგი სტანდარტები, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია და გროვდება, რა შეიძლება ისეთი მარტივ შემთხვევებში გამწვავდეს, როგორიცაა მაგალითად ის, რომ ვიღაცამ ლუდი დროულად არ მისცა მაღაზიაში ადამიანს. ეს არის ბოლო წვეთი გაღიზიანების, რომელიც გროვდება და გროვდება თასში, შემდეგ კი ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების შემთხვევების გარდა, ინტეგრაციის პრობლემის მაგალითად ჰომოფობიურ განწყობებსაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ აქაც მნიშვნელოვანი და მტკივნეული სწორედ თანასწორობის საკითხია.

„საქართველოში არის ინტეგრაციისა და თანასწორობის პრობლემა. მაგალითად, დღეს არის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე და გასულ დღეებშიც გამოჩნდა რამდენად მიუღებელია ქართველი ადამიანისთვის განსხვავებული ორიენტაცია, ღირებულებები. ეს არის ჩვენი პრობლემა და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ჩემი აზრით, სამართლიანად მიაჩნია, რომ მათი თანასწორობის პირობები არ არის უზრუნველყოფილი. საჭიროა არა ამ პრობლემის მიჩქმალვა, არამედ ამის გამოვლენა და მასზე მუშაობა.

ჩვენ ამავე პრობლემას წავაწყდით სოფელ ბუკნარშიც, სადაც მუსლიმ მოსახლეობას შეექმნათ ბარიერები. როგორც წესი, რატომღაც ასეთ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოდიან ხოლმე ქართველები და მართლმადიდებლები. საჭიროა, ამ პროცესში ხელისუფლების გონივრული ჩართულობა და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და მას უნდა შესწევდეს უნარი, რომ ნებისმიერი ტიპის კონფლიქტი ადეკვატურად და სამართლიანად გადაწყვიტოს.

„ქვეყანაში ნებისმიერი დაძაბულობა, იქნება ეს პოლიტიკურ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ნიადაგზე, ხელისუფლების მოსაგვარებელია და პასუხისმგებლობა ეკისრება მას.

შეიძლება მაგალითად არსებობდეს პრეტენზიები, რომ ვიღაცები ხელოვნურად აწყობენ პროვოკაციებს, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის ხოლმე ასეთი განცხადებები, მაგრამ საბოლოო პასუხი არის ყოველთვის ხელისუფლებაზე. ამერიკაში კობახიძე დაიბარეს და არა „ნაციონალები“, არა იმიტომ, რომ ის უკეთესია, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლებაშია.

წესით, ამ ვითარების განმუხტვაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა სწორედ ამ სამინისტროს ეხება.

ახლა იქ უნდა იყოს ჩასული მინისტრი ან მისი წარმომადგენლობა და მიდიოდეს მუშაობა ორივე მხარის პოზიციის მოსასმენად. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, უნდა მიდიოდეს მოლაპარაკებები. არ გამოვრიცხავ, რომ სვანურ მოსახლეობასაც ჰქონდეს თავისი მოთხოვნები.

ხელისუფლებამ ახლა უნდა ითხოვოს გარკვეული ვადა, მაგალითად ერთი კვირა და მოუწოდოს მხარეებს, რომ ამ დროის განმავლობაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და უნდა ითქვას, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩამოვალთ და მოგახსენებთ საკითხის გადაწყვეტის ჩვენს ხედვას. ეს უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა კონფლიქტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა.

პოლიცია მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დგას, თუმცა ძალადობრივი ინციდენტების თავიდან აცილებას ვერ ახერხებს.

16 მაისს, დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასა და ეკომიგრანტებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.