მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ქართულმა დრონმა ჩვენი „საზღვარი“ დაარღვია" - ცხინვალი

ქართული დრონი ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის“ ინფორმაციით, ქართულმა სადაზვერვო დრონმა „საზღვარი“ დაარღვია. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია კვადროკოპტერზე, რომელიც „ქართული სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული მიტინგის მონაწილეებმა გაუშვეს და რომელიც სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდა“.

"თავად საქართველოში საპროტესტო განწყობების ზრდის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი განაგრძობს ქმედებებს, რომლებიც საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული“ - აცხადებენ ე.წ. კომიტეტში.

ე.წ უშიშროების კომიტეტის ცნობით, დრონის მეშვეობით „საზღვრის“ დარღვევის ფაქტი 2020 წლის 31 დეკემბერსაც დაფიქსირდა. მაშინ სოფელ ოძისთან აქციის მონაწილეებმა დრონი გაუშვეს, რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 600 მეტრით შეფრინდა. „დრონის ფრენის ტრაექტორია და ფრენის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ ის სოფელ ახმაძის მიმდებარედ სასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დაზვერვას აწარმოებდა“. - აცხადებენ ე.წ. კომიტეტში.

ცხინვალში ასევე მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრება, გაუმართლებელია და „უპასუხისმგებლო პროვოკაციას წარმოადგენს, რომელიც რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას ემუქრება“.

ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ თბილისის ასეთი ქმედებები სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს არ უწყობს და საქართველოს მიერ დეკლარირებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პრინციპებისადმი ერთგულებას ეწინააღმდეგება.

ასევე წაიკითხეთ:

🔗 ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმეზე სხდომა განაჩენის გარეშე დაასრულა

🔗 ცხინვალში ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია გრძელდება