მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე პროცესები საქართველოს უშუალოდ ეხება“ - ზურაბ ბატიაშვილი

ექსპერტი ზურა ბატიაშვილი

„სურათი არის ის, რომ რუსეთმა მოახდინა საკმაოდ დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრირება უკრაინასთან და როგორც სჩვევია, მას აქვს გაწერილი პროვოკაციების მთელი სქემა. რომელსაც, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დაიწყებს მათ განხორციელებას, რათა უკრაინა ჩაითრიოს მსხვილმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში და ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რამდენად შეძლებს უკრაინა წამოეგოს რუსულ პროვოკაციებს“, - ამის შესახებ კონფლიქტების საკითხებში ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის საზღვართან შესაძლოა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის მომსწრე გავხდეთ, რაც ორივე მხარეს დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

„ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მოვლენები ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს, რადგან ამხელა მასშტაბით სამხედრო ძალის ერთ ადგილას თავმოყრა ტყუილად არ ხდება ხოლმე. სამხედრო ლოგიკა ვერ აიტანს იმას, რომ ამხელა მასშტაბის ტექნიკა ერთ ადგილად დიდხანს იყოს გაჩერებული უსაქმოდ.

უკრაინა ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის, თუმცა რუსეთთან შედარებით პატარა შესაძლებლობები აქვს. უკრაინას აქვს პლუსი იმ კუთხით, რომ თავის ქვეყანას იცავს და თავის ტერიტორიაზე მოქმედებს, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უპირატესობას ანიჭებს. უკრაინამ ბოლო პერიოდში საკმაო რაოდენობით შეიძინა თურქული დრონები და ასე ვთქვათ, თავის შეიარაღებაში ჩართო. სწორედ ამაშია საქმე, რომ ორივე სერიოზული ძალაა და მსხვერპლი ორივე მხარეს შესაძლოა დიდი იყოს“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთან უშუალო კავშირშია, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა უნდა შეინარჩუნოს, რათა საჭირო მომენტში მათგან თანადგომა მიიღოს.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ეს პროცესი რუსეთის მიერ საბჭოთა-კავშირის აღდგენის გეგმის ნაწილი იყოს.

„ეს საკითხი ჩვენ უშუალოდ გვეხება, რადგან თუ დაიწყეს ამ გეგმის განხორციელება, ეს ვერ მოხდება თუ მაში არ იქნება უკრაინა და კავკასია. საქართველო კავკასიაში წამყვანი ქვეყანაა და ამიტომ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ეს პროექტი არ შედგება. ამიტომ უკრაინაში რაც ხდება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

იმედგაცრუება რაც საქართველოს სახით გაჩნდა ევროკავშირში ეს უნდა შევცვალოთ და შემოვატრიალოთ, ეს ეხება მთელ ქვეყანას და ხალხს, იმისთვის, რომ საქართველოს გზა იყოს ცივილიზებული, დასავლური განვითარების და არა ის, რაც რუსეთს სურს. ამ მომენტისთვის, რასაც ხელისუფლება აკეთებს ეს არის, სამწუხაროდ, რუსული გზა, ამიტომ სწორ მიმართულებაზე უნდა დავდგეთ“, - აცხადებს ბატიაშვილი.

ზურაბ ბატიაშვილის აზრით, უნდა გაფართოვდეს ე.წ. პერსონა ნონ-გრატას სია და მასში არა მხოლოდ რუსეთის არამედ, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე უნდა დაემატოს, ვინც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უარყოფს.

„არსებობს ე.წ. პერსონა ნონ-გრატას ადამიანების სია, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწევა ანტიქართულ პროპაგანდას. ეს სია არის გასაფართოებელი და მას უნდა დაემატოს ბევრი ადამიანი არა მარტო რუსეთიდან არამედ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, ვინც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“, - განაცხადა ექსპერტმა.

პუტინის აგიტატორების ჩამოსვლა და საჯაროდ ქეიფი და დროსტარება, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების არასწორი ნაბიჯია. ბავშვი არავინაა და ვერავინ დაგვაჯერებს, რომ მათ არ იცოდნენ, პირიქით, ყველანაირად ხელი შეუწყვეს მათ მასპინძლობას“, - აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე დაწყებულმა სამხედრო მანევრებმა კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამოიწვია. ამის შესახებ Euronews იუწყება.

ეუთოს მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასობით ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, დონეცკის ოლქში მხოლოდ 26 მარტს 493 ასეთი შემთხვევა მოხდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

შესაძლოა თუ არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდოს? – Euronews

პოლონეთი და ლიეტუვა შეეცდებიან 2025 და 2027 წლებში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი

„სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს“ - ვახტანგ მაისაია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილ დაძაბულობას აფასებს