მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი საქართველოს სამხედრო აქტივობის საპასუხოდ „ადეკვატური ზომებით“ იმუქრება

სოხუმის განცხადება

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების სამხედრო აქტივობით შეშფოთებას გამოხატავს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო უწყება საქართველოში საერთაშორისო წვრთნების, Agile Spirit 2021 ჩატარებას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ბოლო წლებში სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის რეგიონში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქმედებებს და საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას არანაირი სამხედრო აუცილებლობა არ გააჩნია და ის საღი აზრის ჩარჩოებს სცილდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარებთან „თავსებადობის ამაღლების“ მოქმედებები რეგიონში დაძაბულობის ტემპერატურას ზრდის და რეგიონულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის“ - აცხადებენ სოხუმში.

„ნატო - საქართველოს ერთობლივი წვრთნების პრობლემა აფხაზური მხარის ყურადღების ცენტრშია. აფხაზეთის იტოვებს უფლებას, რომ საქართველოს მხრიდან შესაძლო არამეგობრული ქმედებების ან პროვოკაციის შემთხვევაში ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს“ - აცხადებს დე ფაქტო სოხუმი.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართული მხარე კვლავ უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე და „ძალზე დესტრუქციულ კურსს ახორციელებს“.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit – 2021 ტარდება. მასში 1500 ქართველი და 700 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება. სამხედრო მანევრებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „რუსეთი ვალდებულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს“ - პესკოვი ქართულ-ამერიკულ წვრთნებზე

🔅 საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება რეგიონულ სტაბილურობას ემუქრება - ცხინვალი