მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზატულინი: რუსეთმა სომხეთს იარაღი უნდა მიაწოდოს, რისთვისაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენოს

კონსტანტინე ზატულინი ყარაბაღზე

რუსეთმა მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, მათ შორის, შესაძლოა, სადესანტო ოპერაცია ჩატარდეს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა. ინფორმაციას iz.ru ავრცელებს.

„რუსეთში უნდა გაიგონ, რომ ამ კონფლიქტში საუბარი მხოლოდ მთიან ყარაბაღში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე არ მიდის, აქ საუბარია სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის დამყარების მცდელობაზე, სადაც თურქეთს დომინანტური როლი ექნება“ - განაცხადა ზატულინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში წამყვანი სახელმწიფოა. მისი განცხადებით, რუსეთმა სომხეთის სამხედრო პოტენციალი უნდა გააძლიეროს, ან იქ სადესანტო ოპერაცია ჩაატაროს.

ზატულინი ასევე ამბობს, რომ რუსეთმა უნდა აუხსნას საქართველოს, რომ მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში აუცილებელი ძალების გადასროლა მოხდება. „იქ იმყოფებიან საერთაშორისო ტერორისტები, რომლებიც რუსეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ემუქრებიან და ეს სიტუაცია უნდა დასრულდეს“ - აცხადებს ზატულინი.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის უახლესი ამბები