მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა

ცხინვალში დაკავებული

უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე აცხადებს, რომ პატრიარქის თხოვნას გაითვალისწინებს და ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა.

მისი თქმით, დღეს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეზე, ოჯახი საპროტესტო აქციას მაინც გამართავს.

„დიდი პატივს ვცემ დიდ უწმინდესს და ამის გამო აღარ გადავალ, მაგრამ როგორც დაანონსებულია, აქცია ჩვეულებრივ ჩატარდება. დავაცდი ერთი თვე, თუ შედეგი არ დადგა და დამაკმაყოფილებელი პასუხი არ იქნება, აუცილებლად გადავალ“, - აღნიშნა მიხეილ გახელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს უკანონო პატიმრის ოჯახის წევრებს სასულიერო პირები შეხვდნენ.

ათენისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას განცხადებით, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.