მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაციაა იმისა, როგორ უნდა აგვეცილებინა თავიდან 2008 წლის ომი“ - ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

მისი თქმით, დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო, რუსეთმა უკრაინის ნებისყოფის გატეხა ვერ მოახერხა.

„როგორც ჩანს, ბაიდენისა და დასავლეთის მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ეს პროცესი განმუხტა. ზელენსკიმ მთელი დასავლეთი ჩართო უკრაინის მხარდასაჭერად და ფაქტობრივად, ყველამ დაგმო რუსეთის ქმედება, რასაც სააკაშვილი 2008 წელს არ აკეთებდა, ის გააკეთა ზელენსკიმ ახლა. ზელენსკიმ ამაში თურქეთიც კი ჩართო, რომელიც ჩვენი მეზობელია და შეიძლებოდა 2008 წელს ამის გაკეთება.

რუსეთი მიხვდა, რომ ასე ომს ვერ დაიწყებდა. ომი რომ დაეწყო, მოუწევდა თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრძოლა, სადაც მხოლოდ რუსეთის მომხრეები ცხოვრობენ. საომარი მოქმედებების განახლებით, პირველ რიგში დაზარალდებოდა რუსეთის მომხრე მოსახლეობა და ეტყოდნენ პუტინს, რატომ ვერ დაგვიცავიო“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა PIA.GE-სთან საუბრისას.

ექსპერტის შეფასებით, ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგანან მხარში დასავლეთის ქვეყნები სახელმწიფოებს, რომლებიც მათთან გულწრფელად თანამშრომლობენ.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორც გიჭერს მხარს დასავლეთი, როცა შენ პატარა სახელმწიფო პირნათლად ასრულებ იმას, რასაც გთხოვენ. მშვენიერი ილუსტრაციაა იმისა, როგორ უნდა აგვეცილებინა თავიდან აგვისტოს ომი. თუმცა, შესაძლოა აგვერიდებინა ეს 2008-ში და ვერ აგვერიდებინა 2009-ში, ამიტომ ყოველ კონკრეტულ მომენტში საჭიროა შესაბამისი მოქმედებები. შესაძლოა უკრაინამ ახლა აიცილა თავიდან ომი, მაგრამ ვერ აიცილოს მომავალში, თუმცა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

იგი პუტინისა და ზელენსკის ერთ-ერთზე შეხვედრის შესაძლებლობას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ყველაზე რეალური მათი ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე შეხვედრა გამოიყურება.

„ზელენსკიმ პოპულისტური განცხადება გააკეთა, რადგან პუტინი 100 წელი არ ჩავა დონბასში, ეს აბსურდულია. პუტინმაც შესაბამისად უპასუხა, რომ ჩამოდი ჩემთანო. ბუნებრივია, ზელენსკიც არც დონბასში და არც მოსკოვში პუტინს პირისპირ არ შეხვდება. ეს შეხვედრა შესაძლებელია, მოხდეს მხოლოდ ნორმანდიული ოთხეული ფორმატში.

ყველაზე რეალური და აუცილებელია, რომ პუტინი და ზელენსკი პარიზში ან ბერლინში შეხვდნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჯარმა წვრთნების დროს დასახულ მიზანს მიაღწია და ის 1-ელ მაისამდე მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან. ამ განცხადებას წინ უძღოდა ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამხედრო მაღალჩინოსნებთან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო (ვიდეო)

👉 პუტინმა ზელენსკი მოსკოვში შეხვედრაზე მიიწვია

👉 შოიგუ: წვრთნები დასრულებულია, ჯარი ბაზებში დაბრუნდება