მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი? - ვახტანგ ძაბირაძის შეფასება

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

პოლიტოლოგის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გაქცევას უფრო ჰგავს, რადგან მოლოდინია, რომ ქვეყანაში რთული ვითარება იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე აქვე დასძენს, ბიძინა ივანიშვილი მართლა რომ მიდიოდეს პოლიტიკიდან, ამას საზოგადოება არ დაიჯერებს.

„ეს თემა სამსჯელო და საკრიტიკო მაშინ იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირველად წავიდა პოლიტიკიდან და შემდეგ უკან დაბრუნდა. ახლა თქმა, რომ მე საბოლოოდ წავედი პოლიტიკიდან, რა გარანტია არსებობს იმის, რომ ისევ არ მობრუნდება?! მართალია მესამედ მოსვლა არ არსებობს, არ გამიგია ეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ეს არსებობს, როგორც ჩანს. არ ვიცი, მართლა წავიდა თუ არა.

მეორე მომენტია ის, რომ საზოგადოება ამას ირწმუნებს? თუნდაც მისი მომხრეები და მხარდამჭერები რა თქმა უნდა იტყვიან, წავიდაო, მაგრამ რამდენად იქნებიან ისინი გულწრფელები? ვინ აკონტროლებს დღეს, დავუშვათ საპარლამენტო უმრავლესობას?ან ვინ გააკონტროლებს მისი წასვლის შემდეგ? თავის დროზე, როცა მობრუნდა და განაცხადა, რომ პარტია იშლებოდა, დაახლოებით ეს თქვა, რომ კვირიკაშვილი ახდენდა მისი ხალხით გავლენების, ხალხის ჩანაცვლებას. დღევანდელი უმრავლესობის რეალური ლიდერი ვინ არის? ივანიშვილი აღარ იქნება, თუ წავიდა პოლიტიკიდან ამ განცხადების შემდეგ? ეს არის უმთავრესი პრობლემა“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

რატომ წავიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ახლა?

პოლიტოლოგის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მოსალოდნელ კრიზისზე პასუხისმგებლობას ირიდებს.

„ქვეყანაში არის ცუდი მოლოდინი, ძალიან რთული ვითარება იქნება. ვითარება შეიძლება იმდენად დაიძაბოს, რომ საჭირო გახდეს ახალი არჩევნების დანიშვნა. მოსალოდნელია კრიზისი. ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს? ფორმალურად ბიძინა ივანიშვილი ამ კრიზისისგან პასუხისმგებლობისგან თავისუფალი იქნება“,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე ბიძინა ივანიშვილს ერთ საკითხში ეთანხმება, რომ მან ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი ჩამოაშორა, თუმცა „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ქვეყანაში დემოკრატია არ შეუქმნია.

„ამ წერილში რაშიც სწორია და ვეთანხმები, არის ის, რომ მან თქვა, სააკაშვილი ჩამოვაშორეო. კი ბატონო, ჩამოაშორა, თუმცა მეტი არაფერი გაუკეთებია. სააკაშვილის აგრესიული რეჟიმი გახადა ნაკლებად აგრესიული, დღეს სახელისუფლებო რეჟიმი არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც იყო სააკაშვილის დროს. მედია მეტ-ნაკლებად მრავალფეროვანია, პოლარიზებული არის მაგრამ, ერთი ცენტრიდან არ იმართება. თუმცა, ეს არ არის დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა და ჩამოყალიბება. ქვეყანაში არის განცდა, რომ სასამართლო სისტემა არ მუშაობს, ტენდერები მიკერძოებით ტარდება, სოციალურად მძიმე ვითარებაა და ა.შ. ეს პრობლემები დარჩა. ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან მე მგონი რეალურად არავის სჯერა. გულწრფელიც რომ იყოს და მართლაც არ ჩაერიოს პარტიის და ხელისუფლების საქმეებში, ამას საზოგადოება გაიგებს და იტყვის, რომ არ არ ერევა?

ის რას გააკეთებს, ეს ერთი თემაა და საზოგადოებაში რა აღქმა იქნება, ის მეორე თემაა. ვინ დაიჯერებს იმას, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერევა, რომც არ ერეოდეს.

რეალურად იმიტომ კი არ წავიდა, რომ თავის მიზნებს, რაც მან 2011 წელს განაცხადა, მიაღწია და აღარ არის საჭირო. არამედ, ქვეყანაში რთული ვითარებაა და პასუხისმგებლობის არიდება უნდა. ეს წასვლას კი არა, გაქცევას ჰგავს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑„არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას“- ივანიშვილი

🛑ბიძინა ივანიშვილი: ბოროტება შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება ჯერ კიდევ იგრძნობა

🛑ბიძინა ივანიშვილი: ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია