მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მდინარაძე: მაჟორიტარობის კანდიდატებს ივლისის ბოლომდე წარვადგენთ

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ივლისის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, მდინარაძის თქმით, შემადგენლობა 1 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

დეპუტატი აქვე ამბობს, რომ სიაში იქნებიან როგორც ახალი სახეები, ისე ძველი კადრი.

„საზოგადოებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი. ოპოზიციაც უფრო მაჟორიტარებზე საუბრობენ და მე მგონი მარტო ამაში არიან ცოტა ადეკვატურები. დღეს კონსულტაციები უფრო მეტად მაჟორიტარობის კანდიდატებზე გვქონდა, მათ ვინაობას უახლოეს მომავალში გავასაჯაროებთ, ივლისის ბოლომდე. სიის ფორმირება უფრო შორეული პერსპექტივაა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. კონსტიტუციური ცვლილების შედეგად თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში პარტიული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.