მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიცია - პარლამენტში შესვლით, მთავრობა - საგარეო პოლიტიკური საკითხების მოგვარებით“ - რამაზ საყვარელიძე პოლიტიკური მოვლენების განვითარების სწორ გზებზე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი, რაც საქართველოს მთავრობას დღევანდელ სიტუაციაში მართებს, არის საგარეო პოლიტიკური მხარის დასტაბილურება, ხოლო ოპოზიციას - პარლამენტში შესვლა.

მისი თქმით, მთავრობის ხარვეზი არის ის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არ შეატყობინა ნიკა მელიას მხრიდან კანონდარღვევის ფაქტები. საყვარელიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი რომ ყოფილიყვნენ, აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულირებით გამოეხმაურებოდნენ ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.

„მთავრობამ, ჩემი აზრით, ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა ნიკა მელიას დაკავებაში. თვითონ დაკავება არ აღმოჩნდა რთული, საგარეო პოლიტიკური მხარე აღმოჩნდა მთელი სირთულის შემცველი.

საერთაშორისო პარტნიორები ავრცელებენ, რომ დააკავეს ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ის, რომ ამ ლიდერთან დაკავშირებით იყო სირთულეები კანონის მხრიდან, ეგ არსად ფიგურირებს, ე.ი არ იყვნენ თავის დროზე ისინი ინფორმირებულნი, რაც ხელისუფლების ხარვეზია.

ინფორმირებულები რომ ყოფილიყვნენ, ისინი სხვა ფორმულირებით გააკეთებდნენ კომენტარს, მაგალითად, იტყოდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაირღვა ოპოზიციის ლიდერის მხრიდან, ხელისუფლება სხვანაირად უნდა მოქცეულიყო.

ე.ი, მათ არ იციან, რომ კანონის დარღვევის შემთხვევები იყო წამყვანი თემა.

იმედია მიიტანენ ამ ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, სხვა შემთხვევაში, უფრო გამწვავდება სიტუაცია,“ - განმარტავს საყვარელიძე.

ექსპერტი PIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ქუჩის აქციების გზით მოვლენების განვითარება ჩიხის შემცველი გართულებაა და მათი მხრიდან სწორი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში შესვლაში მდგომარეობს.

„ოპოზიციამ მოვლენების განვითარება უნდა განაგრძოს ერთი გზით - პარლამენტში შესვლით.

მათ აქვთ ყველაზე დიდი რაოდენობა მანდატებისა, რაც ოდესმე ოპოზიციას ჰქონია.

ქუჩის აქციებით მოვლენების განვითარება მიმაჩნია ჩიხის შემცველ გართულებად იმიტომ, რომ ქუჩის აქციებს აქვს ძალა მაშინ, თუ ხალხია გვერდით, ხოლო ქართველ ხალხს არ აქვს სურვილი რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით იდგეს, ეს ჩანს მიტინგებითაც.“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.

ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართეს შეხვედრები.

ელჩებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

აშშ-ის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

„მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს“ - ჯეიმს აპატურაი

„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

„უთანხმოების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგის წარმოება“ - ურმას პაეტი მელიას დაკავებაზე

„ევროატლანტიკური ოჯახის პრინციპით, პოლიტიკოსი, რომელიც სჩადის დანაშაულს, არ რჩება პოლიტიკაში“ - კობახიძე