მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციამ წერილი საკუთარ ინტერესებს მოარგო - დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

„ევროპარლამენტარების მიერ დღეს გავრცელებული წერილი, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ როგორც ყოველთვის, საქმე გაქვს წერილის არასწორ ინტერპრეტაციასთან“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარების მიერ 1-ელ აპრილს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება.

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციას ქვეყნის გაჩერება და მუდმივი არეულობა ახარებს.

მისივე განმარტებით, ევროპარლამენტარების წერილი არ ნიშნავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას:

„ოპოზიციამ წერილი საკუთარ ინტერესებს მოარგო. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა გაიგეს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს სანქციები დაუწესოს. სწორედ ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე. მათ ახარებთ ყველაფერი, რაც საქართველოს საზიანოდ კეთდება, მათ ახარებთ ქვეყნის გაჩერება და მუდმივი არეულობა.

საგულისხმოა, რომ ევროპარლამენტარების წერილი არ ნიშნავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. ასევე, ნიშანდობლივია, რომ წერილის ავტორთა შორის მრავლად არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული პოლიტიკოსები... მიუხედავად ყველაფრისა, რა თქმა უნდა, წერილი საყურადღებოა, მაგრამ არ შეიძლება დამნაშავის ტვირთი მხოლოდ ხელისუფლებას ავკიდოთ, რადგან დამნაშავე პირველ რიგში ოპოზიციაა, რომელიც ჯიუტი ბავშვის პოზიციიდან ვერ გამოვიდა და მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ჯიუტად არ აწერს ხელს. ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკოსს მოეთხოვება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, რადგან პოლიტიკოსობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა ადამიანის და ქვეყნის წინაშე. ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ მოლაპარაკების დროს გამოიჩინა წინდახედულობა და არ გაექცა საკუთარ წილ პასუხისმგებლობას. დროა ოპოზიციამ რუსეთიდან გადმოგდებული მაშველი რგოლის ნაცვლად პასუხისმგებლობა აიღოს და შევიდეს პარლამენტში, მით უფრო მაშინ, როცა მათ პარლამენტში შესვლისკენ წერილის ერთ-ერთი ავტორი კუბილიუსიც მოუწოდებს,“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის, 1-ელ აპრილს ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს არ დაეთანხმნენ.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნული განცხადება კრისტიან დანიელსონის ანგარიშის მოსმენის შემდეგ გაავრცელეს.