მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რომელიც ქვეყანაში ვირუსის უკონტროლო გავრცელების რისკს შექმნის

პრემიერი საკოორდინაციო საბჭოზე

„ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანასთან შეუძლიათ საზღვრების გახსნა; აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული და ევროკავშირმა წევრ ქვეყნებზე გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკის და საფრთხის შემცველი მათი სახელმწიფოებისთვის არ იქნება, - მშვენიერია, პირველი მიღწევა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ, შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილება, ზოგმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ზოგმა - გარკვეული პირობებით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოვალეობაა, ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. შემდგომ, ის აღიარება, რომელიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ მიღწევებში. ამიტომ, ვსაუბრობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც გონივრული მიდგომები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე და არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სტუმრები იქნებიან ისინი - საქმიანი, სამედიცინო მიზნებისთვის ჩამოსული ხალხი, თუ სტუდენტები. იცოდეთ, რომ საქართველოში 20 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყავს, რომელიც სექტემბერში, სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა ეტაპობრივი, გონივრული, ნაბიჯ-ნაბიჯ, პირველ რიგში ორიენტირებული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე და რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესსაც ხელი შეუწყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სია გააკეთა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ ორ კვირაში ეს სია გადაიხედება.

„როგორ ფიქრობთ, ამ სიის გადახედვის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი რა იქნება?! - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დავუშვათ არცერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.