მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როცა ისინი კითხულობენ - მელიამ არ უნდა გადაიხადოს გირაო? - გადახდილი მაქვს“ - ნიკა მელია 

ენმ-ის თავმჯდომარე

„როდემდე შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დავემორჩილო? ერთის მხრივ ვებრძვი უსამართლობას, მაგრამ მეორეს მხრივ ვემორჩილები უკანონობას? ეს ასე ვერ გაგრძელდება“, -  ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მან გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. 

როგორც მელიამ აღნიშნა, მას ერთხელ უკვე გადახდილი აქვს გირაო 30 ათასი ლარის სახით.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხედავდა რომ მის საქმესთან დაკავშირებით ფაბრიკაცია ხდებოდა, თუმცა თანხა მაინც გადაიხადა.

„2019 წლის 20 ივნისი არის თარიღი, რომელიც თითოეულ ჩვენგან ძალიან კარგად გვახსოვს. როდესაც არ ვიქნებით და იქნებიან ჩვენი შთამომავლები, მათაც ეცოდინებათ თუ რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს.

იმიტომ რომ საქართველოს ისტორიამ იცის რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს. ორი სიტყვით მაინც რომ გავიხსენოთ საქართველოს პარლამენტში უდიდესი პატივით მიღებას მოჰყვა ქართველი ხალხის უზარმაზარი სამართლიანი პროტესტი.

ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომ ყური ეგდო მას შეურაცხყოფილი, გაბრაზებული ქართველი ხალხის პროტესტისთვის ქართველ ხალხსა და საქართველოს მოქალაქეებზე იძალადა.

ამის შემდეგ რას აკეთებს ხელისუფლება? ამის შემდეგ აკეთებს იმას, რომ რაც მას სჩვევია და გაუკეთებია. ყურადღების გადატანის მიზნით შეთხზა რაღაცა ილუზორული სისხლის სამართლის საქმე და აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე დაიწყო ძალიან ბევრი ადამიანის დევნა და მათ შორის ვიყავი ერთ-ერთი მე.

ბოლო მომენტში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ჩემი დაპატიმრება. მიუხედავად ამისა, დღემდე აბსოლუტურად უკანონოდ, კონსტიტუციის სრულად უგულებელყოფის გზით ხდება ჩემი, ჩემი მეგობრების და კიდევ ძალიან ბევრი კოლეგის პოლიტიკური დევნა ყველა სახელისუფლებო შტოს ორკესტრირებულად გამოყენების გზით.

პირველი ბრალდებული ვარ საქართველოს ისტორიაში, რომელსაც გირაოსთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში დაეკისრა დამატებითი სასჯელი სახით სამაჯურის ტარების ვალდებულება.

აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რადგან კანონმდებლობა არ იცნობს ამას და საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემდგომ გამოიყენება სამაჯური იმ ადამიანების წინააღმდეგ ვისაც მიესაჯა შიდა პატიმრობა.

პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით აუკრძალეს საჯარო სივრცეებში ლაპარაკი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიტყვის წარმოთქმის უფლება ჩამომართვეს.

მესამე საკითხი პირველი ბრალდებული ვარ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გირაო გადახდილი მაქვს და კვლავ ითხოვენ გადაიხადეო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი მეგობრების პატივისცემისა სახელმწიფო ინსტიტუტებისა 2019 წლის აგვისტოს თვეში პირველად გადავიხადე გირაო 30 ათასი ლარის სახით. თუმცა ვხედავდი, რომ ფაბრიკაცია ხდებოდა ამ საქმის.

როდემდე შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დავემორჩილო? ერთის მხრივ ვებრძვი უსამართლობას, მაგრამ მეორეს მხრივ ვემორჩილები უკანონობას? ეს ასე ვერ გაგრძელდება.

როცა უნდა ხელისუფლებას მეუბნება გადაიხადე 40 ათასი ლარიო, როცა გადახდილი მაქვს გირაო. კითხვაზე როცა ესენი საუბრობენ მელიამ არ უნდა გადაიხადოს გირაო? - გადახდილი მაქვს 30 ათასი ლარის ოდენობით. მეორედ რომ მთხოვენ გადაიხადე 40 ათასი ლარი, ხვალ 100 ათასს, მაზეგ მეტყვიან, რომ სამაჯური ყელზე შევიბა და ასე შემდეგ. დავემორჩილო? არ დავემორჩილები“, - აცხადებს მელია.

მისივე თქმით, ეს უსამართლობაა და ვალდებულია, რომ უსამართლობას არ დაემორჩილოს.

„იცით დამნაშავე როდის ვიყავი? მათი ჩემზე დაწესებული სასჯელების მიხედვით, როცა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამიწერეს, რომ ნიკა მელიას უფლება არ აქვს მიტინგზე სიტყვით გამოსვლის, მაგრამ მას შემდეგ ორი საარჩევნო კამპანია ჩავატარე და არაერთი გამოსვლა მქონდა რუსთაველის გამზირზე“, - აღნიშნა მელიამ.

მელიას განცხადებით, როგორც არასოდეს ისე არის მართალი თავის მეგობრებთან და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

„მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, რომ ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ, იმიტომ, რომ ჩემს უკან არის მორალი, ზნეობა, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პროკურორი: ნიკა მელიას დაკავება ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა