მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლორან ვოკიე მის მიერ გამოქვეყნებული რუკის რეგიონულ საბჭოს პოზიციასთან კავშირს უარყოფს

სამინისტრო საგარეო

ოვერნ რონ ალპის რეგიონის ვიცე პრეზიდენტი ლორან ვოკიე განმარტავს, რომ რუკა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მისი სტუმრობისას გადაიღეს, რეგიონული საბჭოს პოზიციას არ ასახავს. მისივე თქმით, არც ოფისი განეკუთვნება რეგიონული საბჭოს შენობას.

როგორც საგარეო უწყების სპიკერი მარი ნარჩემაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულის შესახებ ლორან ვოკიეს მიერ საფრანგეთში საქართველოს ელჩისადმი გაგზავნილ საპასუხო კორესპონდენციაშია ნათქვამი.

„როგორც წერილშია აღნიშნული, ლორან ვოკიე სომხურ თემს შეხვდა. მან ღონისძიებაში მონაწილეობა ჰუმანიტარული მიზნების მქონე ასოციაციათა მიწვევის საფუძველზე მიიღო, რომელთაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე შეიარაღბული დაპირისპირების შედეგად, დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის დახმარების სურვილი ამოძრავებდათ.

რუკა, რომელიც ასახულია ფოტოს ფონზე და მდებარეობს ასოციაციის შენობაში, არ განეკუთვნება რეგიონულ საბჭოს და შესაბამისად, არ ასახავს ჩვენი საბჭოს პოზიციას”, - ნათქვამია საბჭოს პრეზიდენტის წერილში.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საფრანგეთში საქართველოს საელჩომ მყისიერი რეაგირება მოახდინა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტო-მასალაზე, სადაც საფრანგეთის ოვერნ რონ ალპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ერთ-ერთ შეხვედრაზე რუკასთან დგას, რომელზეც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი სომხეთის შემადგენლობაშია მოქცეული“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოვერნ რონ ალპის რეგიონის ვიცე პრეზიდენტი ლორან ვოკიეს მიერ გავრცელებულ რუკას ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან კავშირი არ აქვს.