მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უდუმაშვილი: მე-5 რაუნდის დანიშვნას ველოდებით

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის და ელოდება თუ როდის დაინიშნება მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდი. 

უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებისგან სურს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო აზრი მოისმინოს.

„ჩვენ ველოდებით მე-5 რაუნდის დანიშვნას. როგორც კი დაინიშნება მზად ვართ მივიდეთ მოლაპარაკებებზე მიუხედავად იმ განცხადებებისა და ინიცირებული კანონპროექტებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში.

ამ მოლაპარაკებების დროს ეს ქმნის უმძიმეს ფონს, თუმცა ჩვენ აუცილებლად მივალთ მოლაპარაკებებზე. ახლა ჩვენ ერთადერთი რამისთვის მივდივართ უნდა მოვისმინოთ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აცხადებს უდუმაშვილი.

8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართა. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო რიგ საკითხებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქ შეთანხმების რესურსი არ არის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან მიახლოვებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

თალაკვაძე: ჩვენი მხრიდან განმეორებითი არჩევნები ან მასთან მიახლოვებული რაიმე ვერსია არ განიხილება