მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ხელისუფლების ეფექტიანი საქმიანობის აღიარებაა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი

„პირველ რიგში იმ ეფექტიანი საქმიანობის აღიარებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის მიერ პირველი ივლისიდან საქართველოსთვის საზღვრის გახსნას.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ამ დასახელებული 15 ქვეყნიდან ვისთან როგორი რეჟიმი დააწესოს.

„ეს არის პირველ რიგში აღიარება იმ ეფექტიანი საქმიანობის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ვფიქრობ, ეს კარგად არის აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ის ფაქტი, რომ საქართველო ერთადერთია რეგიონში იმ დასახელებულ ქვეყნებს შორის, იმაზე მიანიშნებს თუ როგორ წარმატებით უმკლავდება ჩვენი ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლას. ვიყავით მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არ არის იურიდიულად სავალდებულო, ის ატარებს სარეკომენდაციო ხასიათსდა გადაისინჯება ყოველ 2 კვირაში ერთხელ. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რადგანაც ეპიდემიოლოგიური კუთხით არ მოვადუნოთ ჩვენი საქმიანობა და შევინარჩუნოთ ის ძალიან კარგი შედეგი, რა შედეგის გამოც საქართველოს ხელისუფლება აღიარებულია როგორც უაღრესად ეფექტური და 2 კვირის თავზეც და შემდგომ, როდესაც იქნება მსჯელობა ევროკავშირის შიგნით, საქართველო მუდმივად იყოს უსაფრთხო ქვეყნების რიგში. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე მყისიერად შევედით ურთიერთობასა და კომუნიკაციაში ყველა ევროპულ დედაქალაქთან, რადგანაც როგორც აღვნიშნე, გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო ხასიათის, ის სარეკომენდაციოა და ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ამ დასახელებული 15 ქვეყნიდან ვისთან როგორი რეჟიმი დააწესოს“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა პირველი ივლისიდან 15 ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, სიაში მოხვდა საქართველოც. სიაში ვერ მოხვდა აშშ, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 2.6 მლნ-ს აჭარბებს, თუმცა მოხვდა ჩინეთი, იმ პირობით თუ ჩინეთიც გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.