მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 კითხვით მიმართავს

პარლამენტის დეპუტატი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 5 კითხვით მიმართა.

ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ 5-დან ერთ კითხვაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის მიზანს ეხება, პასუხი აკო მინაშვილისგან მიიღო, რაც ვადამდელი არჩევნების მიღწევას გულისხმობს.

„ჩვენ, მე და ლევან იოსელიანი შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თქვენ შემოხვედით ივნისის დასაწყისში, 4 თვის შემდეგ. ზოგიერთმა თქვენგანმა ფულის აღება დაგვაბრალა და რა აღარ გვეძახა.

43 წლის ვარ და ერთხელ ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და ერთხელ თბილისის საკრებულოს დეპუტატი და ღმერთმა იცის, სუს-მაც იცის, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, ერთი რითაც შემიძლია ვიამაყო, რომ ხელფასის მიღმა არ ამიღია არასდროს არცერთი თეთრი.

ისე გამზარდეს და ისე ვარ მოწყობილი, რომ მეზიზღება კორუფცია და ყველა ვინც მექრთამეა და ჩართულია კორუფციაში. თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე, თქვენს ტელევიზიაში ხალხი იჯდა და ასახელებდა, თვიდან თვემდე რამდენი მქონდა შემოსავალი. ახლა გეკითხებით, თქვენც ხომ შემოხვედით, თქვენც ფული აიღეთ ბიძინა ივანიშვილისგან?

მამისტოლა კაცს ბათუმში თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და ნაგვის ყუთი თავზე ჩამოამხეს, ჩემსა და ლევან იოსელიანზე არ გელაპარაკებით, მე მტკიცე ნერვები მაქვს, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდე კმაყოფილები ხართ იმ საქციელით? საერთოდ არ ვიცნობ ირაკლი ჩავლეიშვილს. მან მიიღო პრინციპული და სწორი გადაწყვეტილება, ადგა და შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. თქვენ კიდევ როგორ მოექეცით? ეს პოლიტიკაა? ეს ნორმალური პროცესია?

კითხვა მინდოდა ასეთი დამესვა. შეთანხმებას თქვენ ხელი არ მოაწერეთ, არადა ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი გამოვიდა ციხიდან და სახვა ვის გამოსვლასაც ასევე ითხოვდით. კრიზისი განმუხტა, პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. ამ შეთანხმების შედეგად გაგეხსნათ თქვენც გზა, რომ შემოსულიყავით. კარგი, არ აწერთ ხელს, მაგრამ ამნისტიაზე, კარგი, გასაგებია რომ სხვა აზრი გაქვთ. ამის გარდა წერია, რომ საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს სამუდამოდ და ბოლოს და ბოლოს ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ. ასევე მართლმსაჯულების რეფორმაა გათვალისწინებული. მურუსიძეს ხან ერთი რომ იძახდით და ხან მეორე. ამას თქვენ ხელს არ აწერთ და რისთვის შემოხვედით პარლამენტში? თუმცა აკო მინაშვილმა, თქვა და გავიგე ამ კითხვაზე პასუხი, რომ ოთხი თვე გვაქვს, რომ ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთო.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ სხედხართ აქ? საერთოდ რას აკეთებთ აქ?

და ბოლოს, კიდე ერთი კითხვა მაქვს. სააკაშვილმა გითხრათ და შემოხვედით, ახლა რომ გითხრათ გამოდითო, უკან გახვალთ?“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

განხილვას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს

⭕ „ოკუპანტი იჯდა საქართველოს პირველ სავარძელში და თქვენ მელია დასაჯეთ“ - თაკო ჩარკვიანი

⭕ „ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული და სიმართლის ველზე დაჭენაობთ“ - სანიკიძე უმრავლესობას