მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რეგიონში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა ისევ თბილისში მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ი საქართველოს“- დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

„ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია რეგიონში ვიზიტის შემდეგ დაბრუნდა ისევ თბილისში და თბილისიდან მოხდა მათთან ერთად ამ პროცესის ხელშეწყობა მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ი საქართველოს, საქართველოს როლს, იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია აშშ-სთან ერთად შევასრულოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს კონფლიქტებიდან და რეგიონს მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს.

„აშშ-ი ჩვენს სხვა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ისევე როგორც ევროკავშირთან ერთად, ძალიან დაინტერესებულია, რომ სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს შემდგომი პროცესები, რადგანაც აუცილებელია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს კონფლიქტებიდან და რეგიონს მიეცეს შესაძლებლობა მშვიდობიანი განვითარების.

ეს იქნება ხელსაყრელი სამივე ქვეყნისთვის, როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ვიხილოთ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეგიონში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელი იყო უფრო გააქტიურება, როგორც აშშ-ის, ისე ევროპელი პარტნიორებისა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში და ამ მხრივ, მე ვფიქრობ, დღევანდელი ნაბიჯი არის დასაწყისი ძალიან დიდი შემდგომი ნაბიჯებისა, რომლებიც მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადაიდგმება.

აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ის როლი და ფუნქცია, რომლის შესრულებაც ჩვენ შეგვიძლია. გახსოვთ, რომ ინიცირებული იყო სხვადასხვა ფორმატები, იქ იყო საუბარი 3+3 და ა.შ. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გავაანალიზეთ, ძალიან კარგად დავინახეთ, თუ რა ფორმატებსა და ურთიერთობებს შეუძლია რეალური შედეგების დადება და შევთავაზეთ, სწორედ, პირველ რიგში, ურთიერთობა დაგვეწყო უშუალოდ ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამ ძირითად ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს და განგვეხილა ის შესაძლო ფორმატები, რაც მიმართული იქნებოდა ჰუმანიტარულ საკითხებთან.

დავიწყოთ იმ ელემენტარული პროექტებით, რომლებსაც შეუძლია, რომ კონკრეტული შედეგები მოიტანოს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის, ლოგისტიკური და სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, მათ შორის, ბიზნესურთიერთობების განვითარებით, ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებით, იმისთვის, რომ ამ პატარ-პატარა ნაბიჯებით შესაძლებელი გახდეს უფრო ფართო თანამშრომლობაზე გავიდეთ. რა თქმა უნდა, აქ აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ღარიბაშვილის და რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა

✅„ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში“- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

✅„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“- ენტონი ბლინკენი