მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტი თამამად ამბობს საკუთარ მოსაზრებას“- ირაკლი მენაღარიშვილი

ირაკლი მენაღარიშვილი

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი 2 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტის განაცხადი უდავოდ, დამოუკიდებელი მსჯელობაა.

„სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან სესხის მიღების საკითხზე და ამ მომენტში ბოლომდე დავეთანხმებოდი. სესხის მიღებაზე უარი ჩემთვისაც გაუგებარია, პოლიტიკურ სპექტრს დიახაც, დღეს სჭირდება კონსოლიდირება საქართველოში.

რაც შეეხება იმ განაცხადს, რომ პრეზიდენტი არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიციას არ მისცემს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენების უფლებას, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის მთავარი მისწრაფებები საფრთხის ქვეშ დააყენოს და სრულიად მიუღებელი იქნებოდა ამგვარი განვითარება ქვეყნისათვის.

ზურაბიშვილის განაცხადი უდავოდ დამოუკიდებელი მსჯელობაა და სიმართლე რომ გითხრათ, მე მივესალმები ამას. როგორც პრეზიდენტი, იმ საკითხებში, რომელშიც მიიჩნევს, რომ კომპეტენტურია და ხედავს ქვეყნისთვის პრობლემატურ მომენტებს, ასე ვთქვათ, თამამად, დამოუკიდებლად ამბობს საკუთარ მოსაზრებას“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ის დგას და იდგება საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს.

„ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“ - პრეზიდენტი

✅„ყველაფერს ვიღონებ, რომ ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ ვერ შეძლოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“ - სალომე ზურაბიშვილი