მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა დაგიშავათ იმ კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც ჯარიმები გადაიხადეს?“ - უდუმაშვილი პრემიერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვით მიმართა.

დეპუტატმა დასვა შეკითხვა, თუ რატომ ისჯება ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება?

„რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოხვედით ინიციატივით ამნისტიის შესახებ, რომელიც ეხება კოვიდ-პერიოდში დაჯარიმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს. მაინტერესებს, რა დაგიშავათ იმ ჩვენმა პატიოსანმა, კეთილსინდისიერმა და კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც დაჯარიმების შემდეგ ადგნენ, წავიდნენ, შესაძლოა, ეს თანხა ისესხეს და გადაიხადეს. მაინტერესებს, რატომ ისჯება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა და კანონმორჩილება?“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მეორე საკითხი - 2012 წლის შემდეგ 2020 წლამდე სამუშაო ძალა ქვეყანაში 133 ათასი კაცით შემცირდა. გაგახსენებთ თქვენს დაპირებას, რომ ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. ის, რომ სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნა, ამაში არგუმენტად კოვიდპანდემია ნამდვილად არ გამოგადგებათ, იმიტომ, რომ პანდემია 1 წელია დაწყებულია და მთელი 8 წელი გქონდათ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო.

მხოლოდ 2016 წლიდან 2020 წლამდე 53 ათასი შემცირდა ქვეყანაში სამუშაო ადგილები. რაში არის გამოსავალი? თქვენ დღეს სიამაყით აცხადებთ, რომ თურმე ჩვენი თანამოქალაქეები მარწყვის საკრეფად მიდიან გერმანიაში. ეს არის ხელისუფლების გეგმა?“, - დასძინა უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე:

✔️ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა უქმდება

✔️ „არავითარი კავშირი არჩევნებთან არ აქვს “ - კობახიძე პრემიერის ინიციატივაზე

✔️ „შავი ჯიპებიდან როდის გადმოჯდებით?“ - ელისაშვილი პრემიერს