მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სუსის ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ინფორმაციით კიდევ ერთხელ დადასტურდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტება.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში.

კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტება, ეს არის რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, შექმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში.

სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ შესაბამის თანამშრომელს ამ გეგმის დროულად გამოვლენისა და დროული რეაგირებისათვის.

არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა.

დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მმართველი გუნდის თავმჯდომარე Ipsos-ის კვლევებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

„ასევე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის - „მთავარის“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას.

დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ სამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებით და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ექსპრემიერის გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ ამავე პარტიის დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა.

„მინდა, ასევე, გამოვეხმაურო, კიდევ ერთ საკითხს, გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ ამ პარტიის დატოვებას და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან ღიად გამიჯვნას.

დღეს ყველა, ვინც სათანადოდ აფასებს მოვლენებს, ხედავს, რომ საზოგადოებას აქვს მკაფიო არჩევანი დესტრუქციასა და მშვიდობას შორის. ასეთ დროს, პოზიციის არდაკავება, სახლში დარჩენა და არჩევანის არგაკეთება დესტრუქციისთვის შანსის მიცემას ნიშნავს. შესაბამისად, მივესალმებით ირაკლი თავდგირიძის პრინციპულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან საჯაროდ გამიჯვნასთან დაკავშირებით.

ამ ქვეყანას სჭირდება არა ქაოსი და არეულობა, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. სწორედ ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, ხვალ მოდით არჩევნებზე და 2 ოქტომბრის გამარჯვება ერთად მივიყვანოთ ბოლომდე.

მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ხვალ, კენჭისყრის დღეს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა და ამომრჩეველს მისცენ მშვიდ გარემოში ხმის მიცემის შესაძლებლობა. ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, სიმშვიდით შეხვდნენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას. ამასთან, მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ნებისმიერი პროვოკაცია გადაიღონ, გამოგვიგზავნონ და/ან სოციალურ ქსელში ატვირთონ.

გვჯერა, ხვალ ჩვენი მოქალაქეები საბოლოოდ ეტყვიან უარს ბოროტებას, ძალადობასა და სიცრუეს და მხარს დაუჭერენ განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, ადამიანების დასაქმებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.

არჩევნების მეორე დღიდან, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი ძალისხმევა თავიდან ბოლომდე ამ მიზნისკენ იქნება მიმართული. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე! კიდევ ერთხელ უარი უთხარით ნაციონალურ მოძრაობას, ბოროტებას, არეულობას, სიცრუეს !

აირჩიეთ მშვიდობა და განვითარება! აირჩიეთ ჩვენი კანდიდატები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, სენაკში, ხობში, წყალტუბოში, ბაღდათში, ცაგერში, ხელვაჩაურში, თიანეთში, ქარელსა და ხაშურში. ჩვენი ერთიანობით, 2 ოქტომბრის გამარჯვება ხვალ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში ქაოსი და გზების ბლოკირება იგეგმება.

ამავე თემაზე:

🔴 სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში ქაოსი და გზების ბლოკირება იგეგმება - სუსი (ვიდეო)

🔴 „თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული ვიცოცხლებ თუ მოვკვდები“ - სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს

🔴 „რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს უკრაინაში“ - რადას დეპუტატი სააკაშვილზე