მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გლოლადან 30-მდე მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის 3 მცირეწლოვანი

რაჭის სოფელ გლოლიდან მოსახლეობა გამოჰყავთ.

აქტიურად გრძელდება სამუშაოები რაჭაში, რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის ზონიდან, სოფელ გლოლადან გადმოყვანილია დამატებით 30-მდე მოქალაქე, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. მათი ნაწილი ადგილობრივია, ნაწილი კი სტიქიით დაზარალებულ სოფელში ტურისტულად იმყოფებოდა. ამასთან, სტიქიის ზონაში დარჩენილ მოქალაქეებს, საჭიროების შესაბამისად, ადგილზე მიეწოდათ მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

სტიქია რაჭაში

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

„სტიქიის ზონაში მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა - ექსკავატორები, ბულდოზერები. საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ჩაერთვება რეგიონში არსებული 5 ერთეული მძიმე ტექნიკა“,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აღდგენილია დროებითი წყალმომარაგება, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ 400 აბონენტს სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.

„არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო. ძლიერი წვიმის გამო რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორა ადიდდა, რამაც სოფელ ღებთან მისასვლელი გზა დატბორა.