მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში უწყლოდ დარჩენილ 400 აბონენტს სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან

წყლის ცისტერნით მიწოდება

რაჭაში, სტიქიის შედეგად უწყლოდ დარჩენილ 400 აბონენტს წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობთ, ადგილზე დაწყებულია წყალმომარაგების სისტემისთვის მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც კოორდინაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გაუწევს.

არსებული მონაცემებით, მდინარე რიონის ადიდების შედეგად დაზიანებულია სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო. მამისონის 118-ე კილომეტრზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს სამუშაო დამატებითი ტექნიკის გადასასროლად, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს.

რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

სტიქიის ზონაში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად გაემგზავრნენ.

რამდენიმე ადგილზე გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.