მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში სტიქიის შედეგად ადიდებულმა წყალმა 10 ხიდი წაიღო

რაჭაში სტიქიას ებრძვიან

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღები და რამდენიმე დასახლება მნიშვნელოვნად დააზარალა. დატბორილია მოსახლეობის სახნავ-სათესი ნაკვეთები, რამდენიმე სოფელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ. სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.

სტიქია რაჭაში

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ჯამში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. წყალმა 10 ხიდი წაიღო და დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„12 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, წაღებულია 10 ხიდი, ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მაქსიმალური კოორდინაცია გვაქვს მოსახლეობასთან სოფლის რწმუნებულების მეშვეობით. აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ. ცენტრალური გზა დაზიანებულია და შემოვლითი გზის მშენებლობები დაწყებულია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ „რუსთავი 2“, - ის ეთერში.

სტიქია რაჭაში 28 ივლისს დაიწყო.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო.

უწერა, შოვი, ღები, გლოლა - ეს რაჭის ის სოფლებია, რომლებსაც სტიქიის გამო ელექროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.