მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლომ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ზურაბ ზვიადაური Pia.ge

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ზვიადაურის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დღეს, დაჩქარებული წესით გაიმართა, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ბრალდებულს ხვალ დაღუპული ძმის, ზვიად ზვიადაურის დაკრძალვაზე დასწრება სურს. ეს კი სწორედ პატიმრის სტატუსითაა შესაძლებელი.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შუამდგლომლობაც დააყენა. ზვიადაურს თავდებში ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთო ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი უდგებოდნენ, თუმცა, მოსამართლემ ეს არ დააკმაყოფილა.

„ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 16 აგვისტოს, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.

17 აგვისტოს სოფელ წინანდალთან მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

18 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.