მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რაც გუშინ მოხდა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“ - კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტსა და თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 5 ივლისს მომხდარ ძალადობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამართლებრივი რეაგირება.

„გუშინდელი დღე იყო უმძიმესი ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ვფიქრობ ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი. არანაირი გამართლება, არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი ამ მოვლენასა და რაიმე სხვა მოვლენას შორის არ არის.

ვერაფერს ვერ უნდა გამოეწვია ეს აგრესია, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამაზე აუცილებლად რეაგირება უნდა მოხდეს. ამაზე სახელმწიფო ქმედებები უნდა იქნეს განხორციელებული, ამაზე მე მგონი ორი აზრი არავის აქვს.

დღევანდელ საზოგადოებაში არის ასეთი სიტუაცია, როგორც ყველაფერში პოლიტიკაშიც და სხვა სფეროებშიც, უკიდურესი პოლარიზაციაა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, მაშინვე მიაკუთვნებენ როგორ თავად აღნიშნავენ „ბნელებს“ და ფუნდამენტალისტებს ან მეორე მხარეს, რომელიც ულტრალიბერალური მიმართულებაა. შუა აღარ არსებობს, გაიკრიფა“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ალტერნატივა „პრაიდის“ ღონისძიება სხვა ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს, რათა მოქალაქეებს შორის დაპირისპირება არ გამოიწვიოს.

„არავის ჩაგვრა და ცემა არ შეიძლება, მით უმეტეს ამ ტიპის ძალადობა. გუშინ მივიდა ეგზალტირებული მასა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ადამიანებს, რომლებიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში მიდიოდნენ.

თუ შეიძლება ეს დაპირისპირება აიცილო თავიდან, რატომ მიდიხარ ამ დაპირისპირებაზე? რატომ გინდა, რომ შენმა თავისუფლებამ ვიღაცის შეურაცხყოფაზე გაიაროს. ქრისტიანობა არ არის ადამიანის ცემა, ქრისტიანობა არ არის ძალადობა, არავითარ შემთხვევაში არ არის, მაგრამ როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ეს მიუღებელია, რუსული პროპაგანდა ასე აქტიურად იყენებს თითოეულ ასეთ შემთხვევას და ვიცით, რომ უდიდესი საკვები ეძლევა რუსულ პროპაგანდას. გუშინ რაც მოხდა ასევე რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მარშის ჩატარება იმ სახით რაც ჩვენ გვინახავს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის დედაქალაქში და რომელიც ჩემთვისაც პირადად მიუღებელია, ვფიქრობ მწვანე შუქის ანთება უფრო მეტად დაგვაშორებს ევროპას და დასავლეთს, ვინაიდან გაცილებით მეტს საკვებს მივცემთ რუსულ პროპაგანდას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 20:00 საათზე პარლამენტთან პოლიტიკური პარტიები მდუმარე აქციას გამართავენ, რომელსაც „თბილისი პრაიდიც“ უერთდება.

პარალელურად, კონტრაქციის გამართვას აპირებენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები.

ამავე თემაზე:

🔴 რუსთაველზე სამართალდამცველებმა რადიკალური ჯგუფების წევრები დააკავეს

🔴 „თბილისი პრაიდი“ მდუმარე აქციას უერთდება

🔴 „ვერავინ დამაჯერებს, რომ პატრიარქისგან მოწოდებული ყოფილიყო ის, რაც გუშინ ხდებოდა“ - ბესელია