მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალი რეგულაციები სილამაზის სფეროსთვის - რას ფიქრობენ სილამაზის სალონების მეპატრონეები და მომხმარებლები

სილამაზის სალონების მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სილამაზის სალონები მუშაობის განახლებას შეზღუდვების შემსუბუქების მეოთხე ეტაპზე - დაახლოებით, 8 ივნისიდან შეძლებენ. უკვე გაწერილია უსაფრთხოების სავალდებულო რეგულაციები ამ ობიექტებისთვის.

აღნიშნულმა მოთხოვნებმა სილამაზის სალონების მეპატრონეთა უკმაყოფილება და დაბნეულობა გამოიწვია.

ამ ვითარებასთან დაკავშირებით pia.ge-ს კითხვებს სილამაზის სალონის დირექტორი მაია შარაშენიძე პასუხობს.

- აპირებთ თუ არა სალონის გახსნას 8 ივნისიდან,რაც სილამაზის სფეროში დასაქმებულმა ბევრმა ადამიანმა უკვე ივარაუდა?

- უკვე რამდენიმე თვეა, სალონი დაკეტილი მაქვს, მაგრამ ფართის ქირას მაინც ვიხდი, ამიტომ ვაპირებ სალონის გახსნა, თუმცა იმ რეგულაციების დაცვით მუშაობა, რომლებიც გვევალება, ვფიქრობ გაგვიჭირდება. ვვარაუდობ, რომ მომიწევს თანამშრომლების დროებით გაშვება ან სამუშაოდ მონაცვლეობით გამოყვანა, რადგან სალონში 6 თანამშრომელია, ხოლო რეგულაციით 5 ადამიანზე მეტს ეკრძალება ყოფნა; ასევე, ნამდვილად არ ვიცი, როგორ მოხერხდება მანიკურის სპეციალისტის დამცავი ფარით მუშაობა.აქედან გამომდინარე, მომიწევს სალონში ცვლილელებზე ფიქრი.

- აპირებთ თუ არა მომსახურებაზე ფასების გაზრდას?

- არ მინდა,თუმცა, ვეჭვობ, მომიწევს. სალონიდან უკვე თვეებია, შემოსავალი არ მიმიღია და როცა მუშაობას განვაახლებთ, უამრავი რაღაც უნდა შევიძინო - მაგალითად, დისტანციური სიცხის საზომი და დეზობარიერი იატაკისთვის, რომლებიც საკმაოდ ძვირია. ალბათ სალონების უმეტესობა მიიღებს მომსახურების გაძვირების გადაწყევტილებას, რათა შევძლოთ მუშაობა.

ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, სტილისტების სახლებში სიარული გამოიწვიოს - აღნიშნა სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამუნა შარაშენიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში .

"ამას გვერდს ვერ ავუვლით ჩვენ და ეს იქნება უკონტროლო სიტუაცია. სტილისტების სახლში სიარული კი კიდევ უფრო გამოიწვევს ინფექციის გავრცელებას, არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ უფრო საშიში ინფექციების გავრცელებას. მაგალითად მანიკურული მომსახურეობის დროს ჰეპატიტის გავრცლებას", - განმარტა სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით : „მოსალოდნელია სალონებში ფასების ზრდა. ამის მიზეზია არა მხოლოდ ქირის გადასახადი, არამედ ახალი რეგულაციები, რამაც გამოიწვია სალონებისთვის დანახარჯების გაზრდა“.

Pia.ge დაინტერესდა,  ინტენსიურად ისარგებლებენ თუ არა მომხმარებლები სალონების მომსახურებით, თუკი ფასები გაიზრდება. ჩვენ მიერ გამოკითხული 60 ადამიანიდან 45 ამბობს, რომ სილამაზის სალონებში ფასების ზრდის შემთხვევაშიც ივლის, 15 კი - სალონის მომსახურებაზე ფულის დახარჯვისგან თავს შეიკავებს.

მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების ჩამონათვალს საქართველოს სალონების ფედერაცია, თვალსაჩინოებისთვის, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.