მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: პანაშვიდის დროს შეამჩნიეს, რომ კარადაში უცხო პირი იქექებოდა

გარდაცვლილ ბაჩიაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებმა შეამჩნიეს, რომ კარადაში უცხო პირი იქექებოდა.

თამაზაშვილის თქმით, ოჯახის ნათესავებმა უცხო პირს ვინაობის შესახებ კითხეს, რაზეც პასუხი მიიღეს, რომ ის მეზობელი იყო. თეონა თამაზაშვილი არ გამორიცხავს, რომ უცხო პირს კიდევ სხვა ქმედებები ჰქონოდა თავის სახლში.

„იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი, ფაქტიურად გამთიშეს მედიკამენტებით, რადგან წარამარა გული მიმდიოდა. ჩვენმა მეზობლებმა შეამჩინეს, რომ შემოსასვლელ კარადაში უცხო პირი იქექებოდა. ნათესავებს გაუკვირდათ და კითხეს, თუ ვინ იყო და რას აკეთებდა. უცხო პირმა უთხრამ, რომ მეზობელია, რაზეც ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, რომ ყველა მეზობელს იცნობდნენ და მას არა. მას უთქვამს, რომ აქ რაღაცას ვალაგებო. არ ვიცი კარადაში რას ეძებდა. შეამჩინეს კარადასთან და შესაძლოა სხვა ადგილასაც ჰქონდა მოქმედებები. შემდეგ ეს პირი არ გამოჩენილა“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „პოლიტმეტრში“ თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

დღეს, 4 აგვისტოს ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან საქმეში FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აქცია გამართა.