მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ უნდა ვესაუბრებოდეთ პრემიერს“ - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი

„რიონის ხეობის“ მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პირდაპირი გადაწყვეტილების მიმღები პრემიერ-მინისტრია.

გოლეთიანის თქმით, პრემიერს შეუძლია შესაბამისი ლეგიტიმაცია მიანიჭოს ვინმე სხვა ადამიანს და გამოგზავნოს ნამოხვანში.

„რიონის ხეობის“ მცველი ამბობს, რომ თუ მზად არის ხელისუფლება შინაარსობრივად შემოვიდეს დიალოგში, ხეობის მცველები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენთვის გადაწყვეტილების მიმღები პირი ამ შემთხვევაში პირდაპირ პრემიერ-მინისტრია. მას შეუძლია მიანიჭოს შესაბამისი ლეგიტიმაცია ვინმე სხვა ადამიანს და გამოაგზავნოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს შუამავალი. მას უნდა ჰქონდეს პირდაპირი ლეგიტიმაცია, რომ როგორც გადაწყვეტილების მიმღების ანუ ჩვენ მისი სახით უნდა ვესაუბრებოდეთ იგივე პრემიერს.

ქალბატონმა ნათია თურნავამ დააყენა საკითხი, რომ თურმე ჩვენ ვითხოვთ მაღალი რანგის პირებთან შეხვედრას მხოლოდ. თუკი ამ მიმართულებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შინაარსობრივ დიალოგში შემოვიდნენ ჩვენთან, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ის ლოზუნგები, რითაც საუბრობენ წლებია და რომელსაც ჩვენ არგუმენტირებულ პროტესტს ვუპირისპირებთ, მათ არ აქვთ არცერთ კითხვაზე პასუხი. საბოლოო ჯამში მიდიან იმ ზომამდე, რომ ამ ფორმით პოლიციელებით, სამხედროებით, რობოკოპებით გვიპირისპირდებიან.

ამასთან, გოლეთიანის თქმით, „რიონის ხეობის“ მცველები პროცესს დინამიკურად მიყვებიან.

„დიალოგისთვის მზად ვართ. სიმართლე გითხრათ არ გვაქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება. დეკლარირებულია მათი პოლიტიკა და პრინციპში ამას არც მალავენ, თუ რა არის მათი სამოქმედო გეგმა.

ჩვენი აქ ყოფნა და მთელი ეს პროცესი ემსახურება სრულიად საზოგადოების თვალში მათი ლუსტრაცია მოხდეს. მათი ქმედება ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. არგუმენტირებულ და სტრატეგიულ ბრძოლას ვაწარმოებთ. აბსოლუტურად დინამიკურად მივყვებით პროცესს“, - განაცხადა გოლეთიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

გასულ კვირას, შსს-მ სოფელი ნამოხვანისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა.

11 აპრილს სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს და პროტესტის მონაწილეებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.

ამავე თემაზე:

✔️ „ვგეგმავთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ“ - ნათია თურნავა

✔️ რიონის ხეობა იკარგება - სანდრო ბრეგაძე ნამახვენ ჰესის წინააღმდეგ